„პროექტის მთავარი იდეა იყო, რომ ესკალატორზე მდგარ ადამიანს მოესმინა მუსიკა“ – ლიკა ჭკუასელი

„გამოწვევა გვქონდა ასეთი, რომ ესკალატორზე მდგარ ადამიანს მოესმინა მუსიკა და ამ ურბანულ არქიტექტურულ გარემოში შეჭრილიყო ხმოვანი ხელოვნება“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორმა ლიკა ჭკუასელმა განაცხადა. აღნიშნული სანათი-კონსტრუქციები სწორედ ამ ფონდის ერთ-ერთი პროექტია. ლიკა ჭკუასელის თქმით, ფონდის იდეა თანამედროვე ხელოვნების რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიტანაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო სივრცეებში ხელოვნების განთავსებით გაკეთდეს.
„რუსთაველის მეტროსადგურში ყველაზე გრძელი ესკალატორია, სადაც 2 წუთი და 10 წამი გიწევს დგომა. ჩვენმა ფონდმა კონკურსი გამოაცხადა Sound Art-ზე, ანუ მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე და 3 გამარჯვებული გამოვავლინეთ. ესენი არიან: ნინო დავაძე, თორნიკე მარგველაშვილი და ნიკა ჯაფარიძე. გამოწვევა გვქონდა ასეთი, რომ ესკალატორზე მდგარ ადამიანს მოესმინა მუსიკა და ამ ურბანულ არქიტექტურულ გარემოში შეჭრილიყო ხმოვანი ხელოვნება. იმისთვის, რომ გაგვეჟღერებინა მუსიკა, მნიშვნელოვანი იყო, სად მოთავსდებოდა დინამიკი, ამაზე ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა იმუშავა და ძალიან საინტერესო კონსტრუქცია შექმნა. სანათი-დინამიკი ანათებს, ხმა აქვს და ძალიან ჰგავს იმ სანათებს, რომელიც იქ ძველად იყო და ახლა აღარ არის. თან 3 კომპოზიცია ჟღერს. მგონია რომ საინტერესო და სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვინც მეტროთი გადაადგილდება“, – განაცხადა ლიკა ჭკუასელმა.
2024 წლის იანვრის ბოლოს ზაარბრიუკენის მოედანზე ფონდის კიდევ ერთი – გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება დაიდგმება. სამომავლო გეგმებში კი ქანდაკების პარკის მოწყობაა, რომელიც სავარაუდოდ 2024 წელს ვერ მოესწრება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი პროექტებს ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ