ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება ძალიან სწრაფად მოიტანს „MEGABARI აქტის“ დასრულებას და ტრამპის მიერ ხელის მოწერას, პრაქტიკულად, განსაზღვრავს პოლიტიკას აშშ-ს მხრიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან.
„როცა ასეთ ნაბიჯებზე მიდიხარ, ეს შეუთავსებელია ევროპულ ინტეგრაციასთან ან აშშ-თან მოსალოდნელ დალაგებასთან. არ ვიცი, ალბათ, ესეც ტესტია, ელოდებიან რა რეაქცია იქნება და როგორი. მე მგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება და შემდეგ კიდე ყველაფრის ამავე კალაპოტში გაგრძელება, ძალიან სწრაფად მოიტანს „MEGABARI აქტის“ დასრულებას და ტრამპის მიერ ხელის მოწერას, პრაქტიკულად, განსაზღვრავს პოლიტიკას აშშ-ს მხრიდან.
ყველა ამას აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია ასეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში და ის ნაბიჯებს დგამდეს ევროპული ინტეგრაციისკენ. ეს არის მხოლოდ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
გიგი წერეთლის მოსაზებით, თუ ხელისუფლების მიზანია, რომ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში დასავლეთთან, მაშინ ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „აუხსნელია“ და საჭიროა, რომ საპირისპირო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
„რუბიომ ძალიან ნათლად თქვა, რომ ჩვენ ვართ შეფასების პროცესში და ძალიან მალე იქნება გარკვეული, რა იქნება საბოლო ჯამში. საქართველოში დღეს მოქმედი ხელისუფლება აჩქარებს ამ პროცესს. ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება კიდევ უფრო დააჩქარებს აშშ-ში – თუ აქ გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ რაც შეიძლება დროულად გაწყვიტონ ყველანაირი კავშირი დასავლეთთან, აშშ-თან, მაშინ ამას ბევრი ახსნაც არ უნდა, მაგრამ აუხსნელია იმ შემთხვევაში, როცა თითქოს მიზანია, რომ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში და ამ დროს, აქ ხდებოდეს ამგვარი ანტიდემოკრატიული და ავტოკრატიული ნაბიჯების გადადგმა. თუ დღეს მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას ჭირდება ურთიერთობა დასავლეთთან და არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ისევ რუსეთთან უნდა დარჩეს, მაშინ საპირისპირო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო დრამატულ მოვლენებს მოვესწრებით და რა თქმა უნდა, კარგად არ დასრულდება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
