პაატა მანჯგალაძე – გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, ქონება ჩადო გარანტად, რომ არ გაიქცევა, შეიძლება 1-2 თვეში დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ვისაც მისი პატიმრობაში ყოფნა ეჩქარება, ამისთვის ჩვენ მზად ვართ

გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, კონკრეტული ქონება ჩადო იმის გარანტად, რომ არ გაიქცევა. ბოლომდე აპირებს ბრძოლას და შეიძლება 1-2 თვეში დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სად არის აქ გაქცევა და შიში?! , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ გიორგი ვაშაძის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერის ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავება შეაფასა და აღნიშნა, რომ ზურა გირჩის მორალურმა პოზიციამ და გამბედაობამ სისტემა კიდევ ერთხელ ამხილა.
„ფაქტობრივად, ზურას მხრიდან დღეს იყო მხილება. მისმა მორალურმა პოზიციამ და გამბედაობამ სისტემა კიდევ ერთხელ ამხილა. მარტო მხილება და მსხვერპლი ხომ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ხალხს ეშლება, რომ არჩევანი არსებობს – ან ჯარიმას გადაიხდი ან წახვიდოდი პატიმრობაში, ასეთი რამ არ ხდება. ეს არის წინასწარი აღკვეთი ღონისძიება მიმდინარე სისხლის სამართლის „გამოძიების“ პირობებში ქვეყნიდან არ გაქცევის. ვისაც გიორგი ვაშაძის პატიმრობაში ყოფნა ეჩქარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. როდესაც ვაშაძე წულუკიანის კომისიაში არ მივიდა, მაშინვე ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ რა ჯობია: რეჟიმს ეს მიზნები შევუსრულოთ, რაც არის ის, რომ მალე მოხდეს ლიდერების იზოლაცია თუ წინააღმდეგობა გავუწიოთ?“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე მოსაზრებით, შეიძლება არსებობდეს ციხეში წასვლის გარდა სხვა მეთოდები ორგანიზებული წინააღმდეგობისთვის.
მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ახლა საჭიროა ერთიანობა.
„თუ რეჟიმის ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოახდინოს ლიდერების იზოლაცია, აიყვანოს ტყვედ, რომ შემდეგ ივაჭროს, რამდენად სწორი სტრატეგიაა ეს?! მესმის პირადი თავდადებას, გმირობას, მორალურ უპირატესობას დიდი ძალა აქვს, ჩვენ ყველა ამაყები ვართ ზურას საქციელით, მაგრამ იქნებ ორგანიზებული წინააღმდეგობის სხვა გზა არსებობს ისე, რომ რეჟიმისთვის ტყვეების მიცემა არ დაგვჭირდეს. ტყვეებს ტყვეები კი არ უნდა დავამატოთ ისე უნდა დავიხსნათ. მწყინს და გული მტკივა იმაზე, რომ ამ რეალობაშიც კი ბევრი ლიდერი და ოპოზიციის წარმომადგენელი გახლეჩაზე, დაპირისპირებაზე, ცუდის ხმაზე უფრო არის ორიენტირებული, ვიდრე იმაზე, რომ ერთმანეთს რაღაცები ვაპატიოთ. ჩვენ ახლა ერთიანობა გვჭირდება, ახლა იმაზე უნდა ვილაპარაკოთ რა გაგვაერთიანებს, რა მოგვცემს ძალას, სტიმულს.
ჯერ ერთი, ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, კონკრეტული ქონება ჩადო იმის გარანტად, რომ არ გაიქცევა. ბოლომდე აპირებს ბრძოლას და შეიძლება 1-2 თვეში დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სად არის აქ გაქცევა და შიში? ეს ორი თვე გვინდა გამოვიყენოთ ორგანიზებული წინააღმდეგობისთვის. სად მიდის ვაშაძე, ან რა გადაიხადა? კი არ გადაიხადა კონკრეტული ქონება ჩადო, არაფერი გადაუხდია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.