ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ ქართული ოცნებისგან აშკარა დეზინფორმაციას ხედავენ.
ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში სრული ნდობა აქვს და მასზე თავდასხმები უსაფუძვლოა. ის კიდევ ერთხელ იმეორებს გზავნილს ქართული ოცნების მიმართ, რომ აუცილებელია შეწყდეს თავდასხმები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე.
“რასაც ვხედავთ ქართული ოცნებისგან, არის აშკარა დეზინფორმაცია. მათი ყველა თავდასხმა ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ, უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს. მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას.
ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობის და ქართული ოცნების მიმართ თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო იყო. მიმდინარე რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა, ოპოზიციაზე თავდასხმები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ჩვენი გზავნილი, რადგან ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ, კონკრეტული ქმედებებითაც, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი მაღალ დონეზე, ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადავამისამართეთ. ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო – ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე”, – ამბობს ანიტა ჰიპერი.
