„ქუთაისი-ლიონის ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის“ – მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ავიაკომპანია „ვიზეარს,“ რომელიც დღეს ქუთაისიდან 14 ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური ავიამიმოსვლა პოლონეთთან, საიდანაც დიდი მოცულობის ტურისტული ნაკადები შემოდის, ასევე წელს ხაზგასასმელია ავიამიმოსვლა მადრიდთან, ჰამბურგთან და ცალკე აღსანიშნია პირდაპირი ფრენები ლიონთან, რომელიც სრულიად ახალი მარშრუტია“ – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზიართან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ავიაკომპანია „ვიზიარის“ წარმომადგენლებთან, რომელშიც, მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ხოლო ავიაკომპანიის მხრიდან Wizz Air-ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციული ოფიცერი ანდრაშ ჟაბო, Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აკოშ ბუში და აეროპორტების განვითარების მენეჯერი აკოშ პალენსკარი მონაწილეობდნენ.
„ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ დადებითი შეფასებები, რომლებიც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მდგრადობას. განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფარვა და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა სტრატეგიულად სამიზნე ქვეყნებთან, რაც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს იმერეთის, როგორც ტურისტული მიმართულების გაძლიერებას“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე ავიაკომპანიის მხრიდან აღინიშნა, რომ „ვიზიარის“ საქართველოში ოპერირება არის ძალიან წარმატებული. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ავიაკომპანიის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ის საკმაოდ დიდი მოცულობით, 24 მიმართულებით ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – აქედან უმეტესი წილი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, რაც დადებითად ისახება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სტრუქტურის გაძლიერებაზე.
„ვისაუბრეთ შემდგომ გეგმებზეც და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვემატება ახალი რეისები, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში ოპერირებად მცირე და საშუალო ბიზნესებს“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
Wizz Air-ი საქართველოში უკვე 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს