სააგენტო Delfi-ს ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო. ამ დადგენილებით აღსრულდა ევროკავშირის საბჭოს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.
ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.
მაისის დასაწყისში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბალტიის კიდევ ერთმა სახელმწიფომ, ევროკავშირის წევრმა ესტონეთმა
ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ლიდერებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციები დაუწესეს ანტიდემოკრატიული კანონების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტქ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო. სანქციები აამოქმედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხს.
„ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ, რასაც მმართველი პარტია უარყოფს, მუდმივად საუბრობს „დიპ სტეიტის“ გავლენებზე და ირწმუნება, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია და მას სანქციები ვერ შეცვლის.
ფორუმი
