ორი კვლევიდან რა თქმა უნდა, „ედისონ რისერჩის“ კვლევა გაცილებით ახლოს დგას რეალობასთან, ვიდრე – „გორბის“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიურსუმი“ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა, ეს მოსახლეობის 30-35%, დანარჩენი კი, ოპოზიციის ამომრჩეველია. თუმცა, ძაბირაძე იქვე დასძენს, რომ დღევანდელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ამომრჩეველს ვერ აერთიანებს.
„ძალიან საინტერესო კვლევებია ერთიც და მეორეც, ძალიან მალე, მესამე კვლევა გვექნება, თუ არ ვცდები, ამ დღეებში – „აირაის“ კვლევა უნდა გამოქვეყნდეს. საინტერესო იქნება, ამ სამი კვლევის ანალიზი, რადგან ყველაზე ახლოს რეალობასთან, მაინც „აირაის“ კვლევა იქნება, ვნახავთ, შევადარებთ. რაც შეეხება იმას, ამ ორი კვლევიდან რომელი უფრო ახლოსაა რეალობასთან, რა თქმა უნდა, „ედისონ რისერჩის“ კვლევა გაცილებით ახლოს დგას რეალობასთან, ვიდრე – „გორბის“ კვლევა. თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებს დავუჯერებთ, მათი რეიტინგი თურმე, იმდენად მაღალია დღეს, რომ 2012 წლის „ქართული ოცნების“ რეიტინგსაც აჭარბებს, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. გულწრფელად, რომ გითხრათ, დიდი კვლევები არც სჭირდება, თუ მოსახლეობასთან გვაქვს ურთიერთობა, ძალიან მარტივად ჩანს ერთი რამ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ ეს მოსახლეობის დაახლოებით, ერთი მესამედია, სადღაც, 30-35%, დანარჩენი, ოპოზიციის ამომრჩეველია, სხვა თემაა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ამომრჩეველს ვერ აერთიანებს, ანუ ნაწილი არის, რომელსაც იგივე ოპოზიციის მეორე ნაწილი მიუღებლად მიაჩნია.
„რისერჩის“ კვლევის მონაცემებითაც კი, „ქართულ ოცნებას“ დღეს, 78 მანდატი აქვს, გახარიას 9% აქვს, „ლელოს“ – 5 %, ერთიც და მეორეც ირწმუნებიან, რომ ისინი ამას დაძლევენ, ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა, გარანტირებული არც გახარიას და მითუმეტეს, „ლელოს“ არ აქვთ ის, რომ 5%-იან ბარიერსაც დაძლევენ, აღარ ვსაუბრობ სხვა პარტიებზე. როცა ასეთ მონაცემებს დებს ოპოზიციური მედიასაშუალება, მშვენიერი რამაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პროპაგანდა გააჩაღოს და აჩაღებს კიდეც, თუ შეეკამათები, გეტყვის, იმათი კვლევითაც კი, ამდენ მანდატს ვიღებო. რეალობა როგორია? თუ 2 პარტია ვერ გადალახავს ბარიერს და მართლა ორი პარტია დარჩება, გამორიცხულიც კი არაფერია, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობაში დამკვიდრდეს აზრი, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ ოპოზიცია და არა – სხვა, ამის გარღვევას ოპოზიცია ვერ ახერხებს. რომ გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ძალიან ცდილობსო, რა თქმა უნდა – არა, მაგრამ ამას ალბათ, მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, რომ ეს ორპოლუსიანობა დაარღვიონ, ანუ უფრო მეტი ეთერი დაუთმონ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, იქნება ეს – გახარია, „ლელო“, ელისაშვილი, თუ ა.შ.“, – განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალის რეიტინგზე აისახება ის ფაქტი, რომ დიდი ალბათობით, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ძაბირაძე პასუხობს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდება, თუმცა, ერთჯერადად.
„ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ნამდვილად გაიზრდება, დეკემბერში რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თებერვალში წესიერი გამოკითხვა რომ ჩაატარო, იქ შეიძლება რეალურად გაზრდილი იყოს რეიტინგი, მაგრამ არჩევნებამდე რა თქმა უნდა, ეს ვერ მივა. ასეთ რამეს ერთჯერადი ეფექტი აქვს, „ქართული ოცნება“ ამას რა თქმა უნდა, პროპაგანდისთვის გამოიყენებს, მაგრამ მანამდე უკვე სხვა პრობლემები წამოვა წინ, ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული, დღეს, ოპოზიციას „ოცნება“ პროპაგანდის საშუალებით უგებს, უფრო ძლიერი პროპაგანდა აქვს, ვიდრე ოპოზიციას. ასევე, გახსოვთ ალბათ, როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დღის წესრიგს ვერ ქმნიდა და ძირითადად, ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვებოდა, დღეს პირიქითაა, დღეს ოპოზიცია ვერ ქმნის დღის წესრიგს, ის მიჰყვება იმ ნარატივს, რასაც „ქართული ოცნება“ გადმოაგდებს. ხვალ იტყვის, სააკაშვილს ციხეში გადავიყვანო, მედია დაიფარება ამ თემით, ზეგ კიდევ რაღაცას მოიგონებს და ა.შ. მაპატიონ ოპოზიციონერებმა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მშვენივრად „აბალახებს“. როგორც კი, ოპოზიცია დაიწყებს სხვა მტკივნეულ თემებზე ლაპარაკს, მაშინვე დამთავრდება „ქართული ოცნების“ ეს პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა. ხშირად ვსვამ ამ კითხვას, პასუხი რა თქმა უნდა, არც გამიგია – რომ არა პრორუსულობა, სხვა რა პრეტენზია აქვს ოპოზიციას „ქართულ ოცნებასთან“? დავუშვათ, თეორიულად, არ არის ეს პრორუსულობა, სხვა პრეტენზია არ გვაქვს? აი, როგორც კი, სხვა პრეტენზიები გაჩნდება, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იქ დასრულდება. რა თქმა უნდა, უამრავი რამაა – კორუფციიდან დაწყებული – მიუხედავად იმისა, რომ ამის საპირწონე „ქართულ ოცნებას“ აქვს, ელიტურ კორუფციაზე თუ ილაპარაკებ, იმ წუთას, კეზერაშვილი, უგულავა და სხვა გვარები წამოვლენ, ოპოზიცია ამაზე ვერ საუბრობს, ადამიანის უფლებებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ლაპარაკობს, ქვეყანაში უამრავი დემოგრაფიული პრობლემაა, ძალიან ძლიერი ეკონომიკური პრობლემებია და ა.შ.“, – განაცხადა ძაბირაძემ.