სოხუმის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ადასტურებს აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, შეხვედრა ენგურჰესზე გაიმართა და მასზე „ენერგეტიკის საკითხები განიხილებოდა“. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„განიხილებოდა 2024 იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების, ასევე, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების საკითხები წყლის საკმარისი დონის შენარჩუნების გათვალისწინებით და ენგურჰესის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები“, – განაცხადა ოზგანმა.
მისივე თქმით, აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეაბილიტაციას გეგმავს. მაგრამ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ქართული მხარე ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის დაფინანსებას არ გეგმავს, რადგანაც ეს „არამომგებიანი ინვესტიციაა“.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაამ“ გააპროტესტა სოხუმის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის და ე.წ. ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის ჩასვლა ზუგდიდში და მოლაპარაკება ქართულ მხარესთან.
აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზეთის არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი საქართველოში არ ჩასულა, ხოლო ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკება გალის რაიონში მიმდინარეობდა.
„კრისტინა ოზგანი საქართველოს ტერიტორიაზე ჩავიდა და ეს ვიზიტი აფხაზ ხალხს დაუმალა. არავინ იცის, ვის შეხვდა და რა განიხილა ქალბატონმა ოზგანმა. თუ ეს ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხებია, მაშინ საინტერესოა, რას სთავაზობს აფხაზური მხარე საქართველოს ელექტროენერგიის სანაცვლოდ – პოლიტიკურ დათმობებს თუ რამე სხვას? თქვენ, ხელისუფლებავ, საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებთ. როგორ გაბედეთ თქვენ, მოქმედმა პოლიტიკოსებმა, რომ ჩვენგან ფარულად მტრულ ქვეყანაში ჩახვედით და ჩვენი სახელით მოლაპარაკება გამართეთ?“, – წერს „არუაა“.