“კადრების დეფიციტი ძალიან მტკივნეული საკითხია. ნებისმიერ საწამოში რომ შევიდეთ, შუახნის და შუახანს გადაცილებული თანამშრომლები მუშაობენ. ახალგაზრდების სიმცირეა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დარგში აღარ რჩება და სხვა საქმიანობით კავდება.
“კადრების დეფიციტი ძალიან მტკივნეული საკითხია. ნებისმიერ საწამოში რომ შეხვიდეთ, შუახნის და შუახანს გადაცილებული თანამშრომლები მუშაობენ. ახალგაზრდების სიმცირეა. პროფესიულ სასწავლებლებში არის ეს მიმართულება და ასწავლიან, მაგრამ ვინც ამთავრებს, ზოგი თავად ხსნის პატარა, საოჯახო ტიპის საწარმოს (რაც კარგია), მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ამ დარგში აღარ რჩება. კადრების გადინება ძალიან დიდი იყო დაახლოებით, 2 წლის წინ, პირდაპირი მნიშვნელობით დგებოდნენ და საწარმოებიდან მიდიოდნენ“,- ამბობს დავით ბიძინაშვილი.
კითხვაზე, კადრების დეფიციტის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის თუ არა ხელფასების სიმცირე, „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ სფეროში ანაზღაურება გამომუშავებით არის. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ არაკვალიფიციური კადრის ანაზღაურებით, თავის შენახვა რთულია.
„ჩვენს დარგში ანაზღაურება ძირითადად გამომუშავებაზეა. რამდენსაც გამოიმუშავებენ, იმდენს მიიღებენ. თუ კვალიფიციური არ არის მკერავი, მაღალ ანაზღაურებას ვერ იღებს. კვალიფიციური მკერავი 1200-დან 1500 ლარამდე იღებს (ხელზე), შესაბამისად, არაკვალიფიციურის ანაზღაურება უფრო დაბალია. ძალიან რთულია 600-700 ლარზე მუშაობა ადამიანისთვის, რომელსაც ოჯახი ჰყავს შესანახი. მით უფრო, თუ ოჯახიდან მარტო მუშაობს.
შარშან ზუსტად მსგავსი გამოწვევების გამო დაიხურა სამგორში ერთი საწარმო. უბრალოდ, ჩვენი დარგი საკმაოდ ბრძოლისუნარიანია და თუ მოინდომებ, გარკვეული რაოდენობის ადამიანებს მაინც დაასაქმებ“,- ამბობს დავით ბიძინაშვილი.
