დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე 7-პლანეტიანი სისტემა შეიძლება წყალში ცურავდეს; ასე მიუთითებს ახალი კვლევა.
2017 წლის თებერვალში, მეცნიერებმა წითელ ჯუჯა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო რამდენიმე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მას შემდეგ, სიცოცხლის პოტენციური ნიშნების საძებნელად, ასტრონომები ამ სისტემას გულდასმით აკვირდებიან.
უახლესი კვლევის მიხედვით, ამ პლანეტებზე შეიძლება ზედმეტად უხვად იყოს სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გადამწყვეტი ელემენტი — წყალი.
აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, შეიძლება თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის სისტემის რომელიმე პლანეტას სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო ჰქონდეს. პროქსიმა კენტავრის სისტემისა და მისი დედამიწის მსგავსი პლანეტის (პროქსიმა b) მსგავსად, დებატები ფოკუსირებულია პლანეტების დედავარსკვლავის გარშემო — ესაა M-ტიპის წითელი ჯუჯა ვარსკვლავი. ამ ტიპის ვარსკვლავები მზეზე უფრო პატარები და გრილებია და მიდრეკილები არიან ამოფრქვევითი აქტივობისკენ.
კიდევ ერთი მთავარი საკითხია სისტემაში წყლის არსებობა. წინა კვლევების თანახმად, წითელი ჯუჯების გარშემო მოძრავ პლანეტებზე წყალი ზედმეტად უხვად უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, ეს პლანეტები წყალს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებდნენ.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სხვა კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც, ეს პლანეტები კოსმოსში დიდი ოდენობით წყალს კარგავენ, რისი მიზეზიც დედავარსკვლავისგან წამოსული ძლიერი ულტრაიისფერი რადიაციაა.
