საოკუპაციო ხაზთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 2 უკანონო პატიმრობაში რჩება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.
სუს-ის ცნობითვე, მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
დანარჩენი ორი, სუს-ის ცნობით, კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
სუს-ი წერს იმასაც, რომ მოქალაქეები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სუს-ის თანახმად, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – წერს უსაფრთხოების სამსახური.
რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, – ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.
დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები – 2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ფორუმი