ორგანიზაცია „ჯეოქეისი” აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, საქართველოს დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გააერთიანოს და მას დაუქვემდებარეოს, საგანგაშოა და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და მის ინსტიტუციურ მოწყობას.
„დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, დიდი ალბათობით, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას და კვალიფიციური კადრების გადინებას. ეს, ასევე, საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას ეს უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას”. – აცხადებს ორგანიზაცია.
„ქართული ოცნების” პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადავა.