აფხაზური ოპოზიცია რუსი ჩინოვნიკის განცხადებებს საინვესტიციო შეთანხმებაზე „ნაჩქარევს“ უწოდებს

„რუსეთ-ს საინვესტიციო შეთანხმებამ“ ინვესტორების უფლებები და კაპიტალი უნდა დაიცვას. მხარეები მოძებნიან მათი დაცვის აუცილებელ ფორმებს. ამის შესახებ ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასს”.
„ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია დაცული უნდა იყოს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან შეთანხმება ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებების დაცვის შესახებ. ამის, ასევე ცალკეულ პროექტებზე ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, რესპუბლიკაში ხორციელდება არაერთი მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ არსებობდა და რომლებშიც არა მხოლოდ რუსული სახელმწიფო კაპიტალი, არამედ კერძო ინვესტიციებიცაა ჩართული“, – განაცხადა ვოლვაჩმა.
რუსი ჩინოვნიკის განცხადებას აფხაზური ოპოზიცია გამოეხმაურა და მას უწოდა „ნაჩქარევი და ნაადრევი“.
“ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის რესპუბლიკა კრიზისიდან გამოსვლისკენ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს, როდესაც მთავრობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების ფორმირება ჯერ არ დასრულებულა და ეროვნული განვითარების პროგრამა ჯერ არ არის წარდგენილი, ასეთი ინიციატივები ნაადრევად გამოიყურება და არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას. ყველა ინვესტორისთვის სისტემური გარანტიების არარსებობის პირობებში, დიდი რუსული კაპიტალისთვის შეღავათებისა და პრეფერენციების საკითხების ხელახლა წამოჭრის მცდელობები სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად აღიქმება. ამან შეიძლება დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვიოს აფხაზურ საზოგადოებაში“, – ნათქვამია პარტიების, „ეროვნული ერთიანობის ფორუმის“, „აფსნის“, „აკაზარას“, ასევე სამი საზოგადოებრივი მოძრაობის: „არუაას“, „აფხაზური სახალხო მოძრაობისა“ და „თანამედროვე სახელმწიფოს“ განცხადებაში.
აფხაზური ოპოზიცია მოუწოდებს რუს პარტნიორებს, „არ იჩქარონ და ააგონ აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და ორივე ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით და არა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების ვიწრო წრის ინტერესების საფუძველზე“.
2024 წლის ნოემბერში დოკუმენტის განხილვას ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მხარეები საინვესტიციო შეთანხმებას გადახედავენ და „უზრუნველყოფილი იქნება ინტერესების ბალანსი, მათ შორის მოსახლეობისა და ბიზნესის“.
საკითხს ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო: „უნდა იყოს თუ არა ეს ინვესტიციები კანონით უზრუნველყოფილი? პასუხია – რა თქმა უნდა, დიახ, მაგრამ ამის უზრუნველყოფა არ საჭიროებს ფაცი-ფუცს, ის მოითხოვს გააზრებულ, სისტემატურ მუშაობას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესები“.
ფორუმი