ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ აცხადებს, რომ „სანდო წყაროს მიერ დასტურდება“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკონომიკის მინისტრის, „ვიცე-პრემიერ“ კრისტინა ოზგანის ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ არსებული ინფორმაცია. ოზგანის ზუგდიდში გამართული შეხვედრის შესახებ მანამდე „Нужная газета“ იუწყებოდა.
„არუაას“ წევრები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა „აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აფხაზეთის რესპუბლიკის არცერთი მაღალჩინოსანი არ ჩასულა საქართველოში“ და ქართულ მხარესთან ენერგეტიკაზე მოლაპარაკებები გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხდებოდა.
„[კრისტინა] ოზგანი საქართველოს ტერიტორიაზე ანონიმურად ჩავიდა, დაუმალა თავისი ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხს, არავინ იცის, რა განიხილებოდა და ვის შეხვდა ქალბატონო ოზგანი. თუ ეს ენერგეტიკის საკითხებია, ჩვენთვის უცნობია, რაზე იყო საუბარი, რას სთავაზობდა აფხაზური მხარე ელექტროენერგიის სანაცვლოდ – პოლიტიკურ დათმობებს თუ სხვა რამეს? … როგორ გაბედეთ, მოქმედო პოლიტიკოსებო, ხალხისგან მალულად მტრის ქვეყანაში ჩასვლა და ჩვენი სახელით მოლაპარაკება?” – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანხმობის გარეშე „ასეთი მოგზაურობა შეუძლებელი იქნებოდა“. „არუაა“ მოითხოვს, „პარლამენტმა“ ოზგანის „პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს“ ან “მინისტრი” თავადვე გადადგეს.
კრისტინა ოზგანმა რუსულ მედიასთან საუბარში დაადასტურა ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკება და განაცხადა, რომ განიხილეს „2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის საჭირო დონის შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე – კომპლექსის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები“. მისივე თქმით, „აფხაზური მხარე ვარდნილჰესის სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში კითხვაზე, თუ ვინ იყო თბილისის მხრიდან მომლაპარაკებელი, განაცხადა: “ვერ გეტყვით, ეს არ არის პარლამენტის კომპეტენცია”.
“რაც შეეხება ურთიერთობას, ენგურჰესი წლებია, გახლავთ მაგალითი, სადაც შესაძლებელი არის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი, რათა, საბოლოო ჯამში, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათი შესაბამისი სოციალური პირობები – ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას – და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, რომ ურთიერთობები და კონტაქტი უნდა არსებობდეს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
25 დეკემბერს რადიო თავისუფლება ენგურჰესს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა ახალი ამბის გამოქვეყნების დროისთვის, მათგან პასუხი არ ჰქონია.
კრისტინა ოზგანის „ვიზიტის“ შესახებ კომენტარს არც ოკუპირებულ აფხაზეთში აკეთებდნენ.
ენგურჰესი საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია. იგი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი განლაგებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; გვირაბის ნაწილი, მართვის პულტი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა აფხაზურ მხარესაა.