„სირიის მეორადი ავტომობილების ბაზრისთვის დუბაის ალტერნატივა ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უფრო მომგებიან სიტუაციაში ვართ ამ ბაზრის ასათვისებლად“ – ალექსი ნონიაძე

„სირიის მეორადი ავტომობილების ბაზრისთვის დუბაის ალტერნატივა ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უფრო მომგებიან სიტუაციაში ვართ ამ ბაზრის ასათვისებლად“ – ალექსი ნონიაძე
საქართველოდან სირიაში ავტომობილების გაყვანა დაიწყო. 2025 წელს, იანვარ-აპრილში საქართველომ სირიაში 70 ერთეული 594.1 ათასი დოლარის ღირებულების მანქანა გაიყვანა. სტატისტიკური მონაცემებისთვის თვალის გადავლება ადასტურებს, რომ ეს დიდი მაჩვენებელია, რადგან ჩვენი ქვეყნიდან აქამდე ერთეული ავტომობილი გადიოდა რეექსპორტზე სირიაში. ასე მაგალითად: საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან სირიაში 4 ცალი (12.47 ათასი აშშ დოლარის) ავტომობილი გავიდა; 2014 წელს მხოლოდ 1 ავტომობილის (1.14 ათასი აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა. 2013 წელს 44 ცალის (266.51 ათასი აშშ დოლარი), 2012 წელს 1 ერთეულის (3.8 ათასი აშშ დოლარი) და 2011 წელს 2 ერთეულის (14.16 ათასი აშშ დოლარი).
სირია საქართველომ ალტერნატიულ ბაზრად უნდა განიხილოს და შესაბამისი კვლევები ჩაატაროს. ასეთ პოზიციას აფიქსირებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ,,საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ კონფლიქტისა და საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის დროს ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი ზიანდება. მშვიდობის პერიოდში კი მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე და ავტომობილებზე იზრდება. სირიაში დღეს შედარებით სიმშვიდეა და რიგ რეგიონებში ახალი ხელისუფლება თავის მმართველობას ავრცელებს. შესაბამისად ამ რეგიონებში ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება.
,,ჩვენთვის საყურადღებო არის ის რეგიონები და ალტერნატიულ ბაზრებად შეგვიძლია განვიხილოთ ის რეგიონები სადაც იყო სამხედრო კონფლიქტები. ვგულისხმობ ჩვენს სამეზობლოს, სადაც მიდიოდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები და ახლა იქ გარკვეულ წილად ცხოვრება ლაგდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ქვეყანაა სირია. მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო ოპერაციების შედეგად ნადგურდება ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. მას შემდეგ რაც ქვეყანაში შედარებით უფრო სტაბილური მდგომარეობაა იწყებენ ეკონომიკის აღდგენას. პირველი რაზეც მოთხოვნა ჩნდება ეს არის სამშენებლო მასალები და სატრანსპორტო საშუალებები.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
,,საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველო დუბაისთან შედარებით სირიის ბაზრის ასათვისებლად მომგებიან პოზიციაშია. ერთ-ერთი ფაქტორი მანძილია. მეორე კი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც თურქეთის გავლით იმ რეგიონებთან ხელმისაწვდომობას განაპირობებს, სადაც დღეს სიმშვიდეა.
,,ჩვენ სირიის ბაზრისთვის, მეორადი ავტომობილების ბაზრისთვის დუბაის ალტერნატივა ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უფრო მომგებიან სიტუაციაში ვართ ამ ბაზრის ასათვისებლად და აქედან ავტომობილების გასაყვანად, ვიდრე დუბაის ბაზარია. ის უფრო შორი მანძილია. მეორე ფაქტორი ის არის, რომ თურქეთიდან სახმელეთო კავშირის შექმნა უფრო მარტივია ჩვენთვის, ვიდრე დუბაიდან სახმელეთო გზის გავლა სირიის იმ რეგიონებამდე, სადაც ასე თუ ისე მეტ-ნაკლებად მშვიდობაა. ჩვენი ბაზარი, საქართველო როგორც ავტო ჰაბი უფრო მომგებიან მდგომარეობაშია, ვიდრე დუბაი. მოგეხსენებათ, დუბაიშიც დიდი ჰაბია. მაგრამ, იქიდან არის გზის პრობლემა. ერთი რომ უფრო შორი მანძილია დანიშნულების პუნქტამდე. მეორე, ახალი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც მეტ-ნაკლებად მშვიდობაა და მეტად შეიძლება ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
,,საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სირია საქართველოსთვის შესაძლოა საინტერესო ბაზარი იყოს და ის ალტერნატივად უნდა განვიხილოთ. თუმცა საჭიროა შესაბამისი კვლევების ჩატარება და გაგდება, რაზე არის მოთხოვნა სირიაში და რამდენად მომგებიანი იქნება ბაზარი ქართველი დილერებისთვის. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ ამის დასადგენად საჭიროა ერთობლივი მუშაობა სახელმწიფოსთან და კერძო კომპანიებთან და შესაბამისი კვლევების ჩატარება.
,,შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ბაზარი შეიძლება ალტერნატივად განვიხილოთ. თავისი პოტენციალი გააჩნია. ერთობლივად უნდა იმუშაოს ასოციაციამ კომპანიებმა და სახელმწიფომ. ვხედავთ პოტენციალს ამ მიმართულებით, რომ დავუკავშირდეთ სახელმწიფო უწყებებსაც. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვოთ დახმარება. კარგი იქნება თუ დიდი კომპანიებიც პროცესში ჩაერთვებიან და ბაზრის შესწავლაში დაგვეხმარებიან. კარგი იქნება თუ გაიწერება პროექტები ამ მიმართულებით და გარკვეული თანხებიც გამოიყოფა. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ახალი ბაზრის ასათვისებლად ვიმუშაოთ. ცენტრალური აზიის ბაზრები მუშაობს, მაგრამ ასე თუ ისე გაჯერებულია. ყოველთვის უნდა ვიყოთ ახალი ბაზრების ძიებაში, თუ გვინდა შევინარჩუნოთ ჰაბის ფუნქცია. ამ მიმართულებით არაფერია გაკეთებული, არ არის შესწავლილი. უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია მომსახურების სააგენტოდან და შემოსავლების სამსახურიდან, რომელი მოდელის ავტომობილები და რომელ წლიანები გაიყიდა. ეს მოგვცემს ანალიზის საშუალებას, რომ დასკვნები გავაკეთოთ. ადგილზე კონტაქტების გამონახვის მეშვეობით შევძლებთ გავიგოთ მოთხოვნა. ამ ეტაპზე არ არის ეს ცნობილი. კვლევის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ეს. საქართველოს შეუძლია ავტოიმპორტის მეშვეობით მიაწოდოს როგორც ძვირად ღირებული ავტომობილები, ისევე საშუალო და დაბალი კლასის ავტომობილები. რაზეც იქნება მოთხოვნა იმაზე იქნება მიწოდებაც. ბიზნესმაც უნდა იფიქროს, თუ რამდენად უღირთ და რამდენად მომგებიანია მათთვის. ესეც უნდა დადგინდეს. ერთია რომ არის მოთხოვნა, მაგრამ ღირს აქედან იქ ავტომობილის ჩაყვანა და რეექსპორტზე გაშვება? ბუნებრივია უნდა იყოს მომგებიანი.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.