ევროპელი ლიდერები ვერ ხედავენ ტრამპისგან პუტინზე ზეწოლისთვის მზადყოფნას – FT
გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა, რომლებთანაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა, აშშ-ის პრეზიდენტისგან კრემლის ლიდერზე ზეწოლისთვის მზადყოფნა ვერ დაინახეს.
წყაროს თქმით, სატელეფონო საუბარში მონაწილე ლიდერები „უსიამოვნოდ გაოცებულები“ დარჩნენ ტრამპის მიერ აღწერილი პუტინთან საუბრის შედეგებით.
„აშკარა იყო, რომ ტრამპი არ არის მზად უფრო მეტი ზეწოლისთვის პუტინზე, რათა ის მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს“, – აღნიშნა წყარომ.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ევროპის დედაქალაქებში ასევე შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, პუტინთან დადოს შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს პუტინის მოთხოვნებს, რაც უკრაინის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შემდეგ ტრამპმა ერთსაათიანი საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან.
1tv.ge
