გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და კანადა ისრაელის მიერ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თუ ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს, რეაგირება ექნებათ.
„არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, – აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის ზომები „სრულიად არაადეკვატურად“ შეაფასეს და ისრაელს მოუწოდეს, აღადგინოს ღაზას სექტორში დახმარების მიწოდება, ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად.
განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელი თავის დაცვას სრული გამარჯვების მიღწევამდე გააგრძელებს.
„ლიდერები ლონდონში, ოტავასა და პარიზში 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული გენოციდური თავდასხმისთვის უზარმაზარი პრიზის შეთავაზებით გამოდიან კიდევ უფრო მეტი მსგავსი სისასტიკის მოწვევით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
