პროტესტის მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან „საბოლოოდ“ დაითხოვეს

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა კომპანიამ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC), რომლის წარმოების განახლების პროცესსაც მიხეილ სოცკი ხელმძღვანელობს, პროტესტის მონაწილე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.
ხანგრძლივი პროტესტის მონაწილე მაღაროელები დღეს საღამოს, 19 მაისს წერდნენ, რომ 21:00 საათისთვის ელოდებოდნენ კომპანიისგან უკუკავშირის მიღებას მათს წამოყენებულ მოთხოვნებზე.
კომპანიამ 20:45 საათზე ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აცნობა ახალი გადაწყვეტილება „რეორგანიზაციის პროცესის შუალედური შეფასების“ შედეგად. ანალოგიური მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნათ კომპანიის თანამშრომლებსაც.
კომპანია აცხადებს, რომ „მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში“ დაიწყებს მარტისა და აპრილის სახელფასო დავალიანების „ეტაპობრივ ანაზღაურებას“.