“AI უპირველეს ყოვლისა” მიდგომა შესაძლოა ჯერ ადრეა — Klarna-ს და Duolingo-ს ამბავი

ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა მომავლის სამუშაო სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს, თუმცა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ამ მომავალს დროზე ადრე შეეგებონ, ავტომატიზაციასთან ერთად, გამოწვევებსაც ეგებებიან.
Klarna და Duolingo ბოლო წლებში “ უპირველეს ყოვლისა” სამუშაო კულტურის ერთ-ერთ მთავარ მაგალითებად იქცნენ. ორი წლის წინ, Klarna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სებასტიან სიმიატკოვსკიმ განაცხადა, რომ სურდა, მისი კომპანია OpenAI-სთვის “საცდელი ვირთხა” გამხდარიყო. კომპანიაში დასაქმება შეჩერდა და თანამშრომლების ჩანაცვლება ს სისტემებით სცადეს. გასულ თვეში კი Duolingo-მა გამოაცხადა, რომ გადადის “AI უპირველეს ყოვლისა” მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ სამუშაოებისთვის, რომლის გაკეთებაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, აღარ დაიქირავებენ კონტრაქტორებს და თანამშრომელთა რაოდენობას მხოლოდ მაშინ გაზრდიან, როცა ავტომატიზაციის ყველა შესაძლებლობა უკვე ამოწურული იქნება.
Klarna, შვედური ფინტექ კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას გადახდის გადავადებას და განაწილებას სთავაზობს, ჯერ კიდევ AI-ზე აკეთებს ფსონს, თუმცა როგორც ჩანს, ახლიდან აფასებს ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობასაც. Duolingo კი სოციალურ მედიაში მკაცრი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა.
Bloomberg-თან ინტერვიუში, სიმიატკოვსკიმ თქვა, რომ Klarna თანამშრომლების, ახალ, მასშტაბურ დაქირავებას გეგმავს, რათა მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანთან ისაუბროს. რამდენი თანამშრომელი დაემატება კომპანიას, ზუსტად არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დასაქმების ფოკუსი სტუდენტებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებზე გაკეთდება.
გასულ წელს Klarna აცხადებდა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხარდაჭერის ჯგუფის 700 აგენტის ფუნქციას ასრულებდა. ახლა კი კომპანიის ყურადღება ადამიანურ კავშირზეა გადატანილი.
“ადამიანური მხარდაჭერის ხარისხში ინვესტირება — ეს არის ჩვენი მომავლის გზა”. — ამბობს სიმიატკოვსკი, თუმცა, AI-ს მიმართ ინტერესს და ენთუზიაზმს კვლავ ინარჩუნებს.
Duolingo-სთვის “AI უპირველეს ყოვლისა” სტრატეგიაზე გადასვლა შედარებით ახალია, და ჯერჯერობით უკანდახევა არ ყოფილა. თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომპანიამ ინტერნეტში — განსაკუთრებით TikTok-ზე — მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილების ტალღა დაიმსახურა.
Duolingo-ს უახლეს TikTok ვიდეოებზე კომენტარების უმრავლესობა ვიდეოს შინაარსს საერთოდ არ ეხება და მხოლოდ კომპანიის AI-ზე გადასვლას აკრიტიკებს.
“ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საშინელებაა,” — წერს ერთი მომხმარებელი. “ენა ადამიანებმა უნდა გვასწავლონ. ამ გადაწყვეტილებით, Duolingo ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ისე მომხმარებლებს და საკუთარ თანამშრომლებს — და ეს ყველაზე მტკივნეულ მომენტში ხდება”.
სხვა მომხმარებელი წერს: “რა ტიპის აუდიტორია გგონიათ გყავთ, რომ ფიქრობთ, შეიძლება ამხელა ნაბიჯი გადადგათ და AI-ზე გადახვიდეთ? ჩვენ რეალური ადამიანები გვინდა, არა ბოტები. ნახვამდის, Duo”.
ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ამ ამბის გამო აპლიკაციაც წაშალა.
Duolingo კრიტიკას პასუხობს და ცვლილებას განმარტავს: “ზუსტი განმარტებისთვის — AI არ ანაცვლებს ჩვენს ექსპერტებს; ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც ექსპერტები იყენებენ Duolingo-ს გასაუმჯობესებლად. ყველაფერს, რასაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვქმნით, ექსპერტები აკონტროლებენ. ჩვენ ვაგრძელებთ AI-ს გამოყენებას ადამიანური ზედამხედველობით — რათა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი და საუკეთესო იყოს”.
კომპანიები კვლავ იმედოვნებენ, რომ AI მნიშვნელოვანი დანაზოგის მომტანი იქნება — და ზოგჯერ ამაში მართლაც არც ცდებიან. მაგალითად, Duolingo-ს აქციების ფასი რეკორდულად მაღალია, და კომპანიამ 2025 წლისთვის გაყიდვების პროგნოზიც გაზარდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა 40% აპირებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა და მათზე დაკისრებული სამუშაო ავტომატიზებულ სისტემებზე გადაიყვანოს.
თუმცა, მიუხედავად ბიზნესმენთა ოპტიმიზმისა, ეს ენთუზიაზმი მომხმარებლებამდე ჯერ ვერ აღწევს.
ახალგაზრდების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ AI-მა მათთვის უმაღლესი განათლების ღირებულება შეამცირა. (Indeed-ისა და Harris Poll-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, Gen Z-ის 51% მიიჩნევს, რომ მათი უმაღლესი განათლება ფულის ფლანგვა იყო, ხოლო 45% თვლის, რომ მათი ხარისხი AI-მა არარელევანტური გახადა)
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, ბუნებრივია, რომ ტექნოლოგია ბევრ ადამიანში შიშსა და დაძაბულობას იწვევს.
“ადამიანი ბავშვობიდანვე ცდილობს, მიზნის მისაღწევად საკუთარი გარემო მართოს. ამიტომ, ბუნებრივია, წინააღმდეგობა უჩნდება ისეთი ინოვაციების მიმართ, რომლებიც თითქოს გარემოზე მის კონტროლს ამცირებს,” — წერს ჯულიან დე ფრაიტასი, ჰარვარდის ბიზნესსკოლის მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. “ხელსაწყოებად AI-ს გამოყენებაზე მეტად, ადამიანებს აშინებთ პერსპექტივა, რომ ის მთლიანად ჩაანაცვლებს მათ.”