მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, პუტინს დაველაპარაკებიო, მგონი, პუტინი მაქსიმალურად თავს დაიძვრენს, რომ ცეცხლი შეწყდეს – შეიძლება დაჰპირდეს, გამოაცხადოს კიდეც, მაგრამ ორ-სამ დღეში დაარღვიოს. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დასავლეთს აქვს და რომელიც ტრამპს და მის პარტიას დიდი ხანია უნდა დაენახა, ყველა თვალსაზრისით უკრაინის მაქსიმალური დახმარება, შეიარაღება და მხარდაჭერაა, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზეც გამოჩნდა, „პუტინს საბრძოლო მოქმედებების შეჩერება არ აწყობს“.
„შეხვედრა, მათ შორის, იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ რუსების მხრიდან ისეთმა მოთხოვნებმა გაიჟღერა, რომლებმაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვნახეთ, რომ ძალიან თავხედური მოთხოვნები ჰქონდათ მათ. ამ შეხვედრამ საბოლოოდ, აჩვენა, რომ პუტინს არ აწყობს საბრძოლო მოქმედებების შეჩერება.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ერთ-ერთმა გამოკითხვამ რუს სამხედროებთან აჩვენა, რომ ისინი მომხრეები არიან, ომი გაგრძელდეს. ფრონტზე დღევანდელ პირობებზე, არავითარ შემთხვევაში არ თანხმდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. ეს იდეა უკვე აღარ არის პოპულარული.
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გარანტიას არ იძლევა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ შემდგომში ცეცხლი აღარ განახლდეს. ამაზე შემდგომ უფრო ინტენსიურად იმუშავებენ 30 დღის განმავლობაში. აქ, მგონი შიდა განწყობების პრობლემაა. პუტინმა ვერ შეასრულა ისედაც გაბერილი დანაპირებები, რომლებიც მან თავის მოსახლეობას მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, მე პუტინს დაველაპარაკებიო, მგონი, პუტინი მაქსიმალურად თავს დაიძვრენს იმისგან, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. შეიძლება დაჰპირდეს, გამოაცხადოს კიდეც, მაგრამ ორ-სამ დღეში დაარღვიოს. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში, რომელიც დასავლეთს აქვს და რომელიც დიდი ხანია უნდა დაენახა პრეზიდენტ ტრამპს და მის პარტიას, ეს არის უკრაინის მაქსიმალური დახმარება, შეიარაღება, მხარდაჭერა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
როგორც გოგოლაშვილმა ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებიდან ტრამპის გასვლა „ძალიან რთული გადაწყვეტილება“ იქნება.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ამზადებს კიდეც ტრამპი. რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ თუ პუტინი წინააღმდეგობას გააგრძელებს, არ შეწყვეტს ცეცხლს და ა.შ, მაშინ ის გამოიყენებს მომაკვდინებელ სანქციებს. ამით, რა თქმა უნდა, რუსეთს აშინებს. არ საუბრობს პირდაპირ უკრაინის შეიარაღებაზე. ეს ალბათ, მის წინა რიტორიკასთან თანხვედრაში არ მოდის, მაგრამ ეს მოხდება და მას მოუწევს დამატებითი ზეწოლის განხორციელება რუსეთზე იმით, რომ განაახლებს და გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებას. აქედან გამომდინარე, ცოტა ხნის განმავლობაში მაინც ეცდება, ადრე თუ გვიან, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს. არა მგონია, რომ მან ასე ხისტად და მყისიერად დატოვოს თავისი პოზიციები იმიტომ, რომ ეს მის იმიჯს ამერიკაში ძალიან დააზიანებს. მგონია, რომ ის კიდევ ერთხელ ეცდება. საბოლოოდ, შესაძლოა, ევროპამ მთლიანად აიღოს ინიციატივა თავის თავზე რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ომის შემდგომ სტრატეგიებს. ამერიკა ზურგში უნდა ედგეს, ეს არის ევროპული სტრატეგია – ამერიკამ მხარი დაუჭიროს, მაგრამ პოლიტიკურად პროცესში არ ჩაერიოს, რადგან ის არასწორად ერევა, სჯობს, საერთოდ არ ჩაერიოს“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.
გარდა ამისა, გოგოლაშვილმა ისაუბრა პოლონეთში, რუმინეთსა და პორტუგალიაში გუშინ გამართულ არჩევნებზეც. მისი თქმით, ლიბერალური ფრთების გამარჯვება მნიშვნელოვანია.
„ვხედავთ, რომ პოპულისტური პარტიები მარცხს ყველგან განიცდიან. ჯერჯერობით, ტენდენციები ასეთია. რუმინეთში დამარცხდა პოპულისტი კანდიდატი და შესაბამისად, ლიბერალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა და მთლიანობაში, მოლდოვასაც სჭირდება რუმინეთის შესაბამისი მხარდაჭერა. ის გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე მოლდოვაში. რაც შეეხება პოლონეთს, იქ ტუსკის პარტია ვიცით, რომ შედარებით ცენტრისტულია. მნიშვნელოვანია, პოლონეთში თუ ცენტრისტული, დემოკრატიული და ლიბერალური ძალები მოვლენ სათავეში. რაც შეეხება პორტუგალიას, მგონი იქ ყველაფერი ნორმალურია, რადგან ვიცით, რომ პორტუგალიის დღევანდელი ხელისუფლება ისეთივე დემოკრატიულია, როგორიც ძირითადად ევროპულ ქვეყნებში გვყავს. ასე რომ, მათ არაფერი არ ემუქრებათ.
მგონი, ძლიერი ევროპის ქვეყნებს გრძელვადიანად არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ეს არის მმართველობის ყველაზე ბუნებრივი და მისაღები ფორმა, როგორიც არის ევროპული დემოკრატია და ევროპული ლიბერალიზმი. მმართველობის ფორმები და მათ შორის, საერთო ევროპული ინტეგრაციის იდეა, რომელმაც თავისი ძლიერი მხარე აჩვენა – ეს არის მშვიდობა, კომპრომისები, სოლიდარობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამ კონტექსტში, ევროპას ნამდვილად არაფერი ემუქრება. პირიქით, ემუქრება პოპულიზმს, მაგალითად, უნგრეთში. მომავალ წელს არჩევნებში, როგორც ჩანს, საბოლოოდ დამარცხდება დღევანდელი ხელისუფლება. ასეთი პირი ნამდვილად უჩანს და ვნახოთ, როგორ გზას დაადგება სლოვაკეთი. ჯერ ადრეა ვილაპარაკოთ ამაზე“, – აღნიშნა გოგოლაშვილმა.
