ტყიბულის წყალსაცავზე კუნძულები იყიდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის წყალსაცავზე არსებულ კუნძულებს ყიდის. აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 315 018 კვ.მ. მიწის ფართობის საწყისი ღირებულება 1.7 მლნ ლარია, 21 421 კვ.მ. მიწის ფასი 120 000 ლარია, ხოლო 31 828 კვ.მ.-ის – 180 000 ლარია.
სამივე აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდება.
„თავისუფალი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავზე სოფელ ახალსოფელის მხარეს. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავიდან რამდენიმე კილომეტრში. ქალაქ ტყიბულიდან 5 კილომეტრში. საუკეთესო ტერიტორიაა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მხრივ“, – ნათქვამია მიწების აღწერილობაში.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4-5 წლის განმავლობაში, მყიდველს ეკისრება:

· ტერიტორიის მოწესრიგება;
· ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;
· ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
· ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
315 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, მყიდველმა უნდა დაასრულოს 5 წლის განმავლობაში და განახორციელოს არანაკლებ 6 მლნ ლარის ინვესტიცია შემდეგი პერიოდულობით:

· ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში – 2.000.000 ლარი;
· ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ჯამურად – 6.000.000 ლარი.
21 421 კვ.მ. და 31 828 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, მყიდველმა უნდა დაასრულოს 4 წლის განმავლობაში და განახორციელოს არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიცია შემდეგი პერიოდულობით:

· ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში – 500.000 ლარი;
· ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში ჯამურად – 1.000.000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის წყალსაცავზე ხელოვნური კუნძულები ფილმ „სიმინდის კუნძულის“ გადაღებებისთვის შეიქმნა. ფილმის მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. სცენარი ფილმისთვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო მოქმედება 2008 წელს ვითარდება. „სიმინდის კუნძულის“ ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის: საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა.

ასევე დაგაინტერესებთ