„2024-ში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი“ – ნინო გედევანიშვილი

„2024 წელს გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „გედევანიშვილი და კომპანიის“ დამფუძნებელმა, ნინო გედევანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2023 წლის მეორე ნახევრიდანაც დაიწია ფასებმა და 2024-შიც გაგრძელდება იგივე ტენდენცია, რადგან მოთხოვნა აღარაა და ბაზარი გასაქირავებელი ბინებით გაჯერებულია.
„2023 წლის პირველ ნაწილში შეინიშნებოდა ფასების მკვეთრი ზრდა, რაც მიგრანტების შემოდინებამ, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ და ზოგადად უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია. 2023 წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება მოთხოვნის კლება, თუმცა, ფასები სტაბილურად ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება.
რაც შეეხება 2024 წელს, პროგნოზი ძალიან საინტერესოა, მოთხოვნა ისევ გაგრძელდება. თუმცა, მოსალოდნელი იქნება ფასების დასტაბილურება, თუმცა ძველ ნიშნულს ალბათ ფასები აღარ დაუბრუნდება. პიკური მაჩვენებელი უძრავ ქონებაზე, ფასების მხრივ, 2022 და 2023 წლის დასაწყისი იყო და ამ დროისთვის სტაბილიზაციისკენ მიდის,“ – ამბობს ნინო გედევანიშვილი.
„გედევანიშვილი და კომპანიის“ დამფუძნებლის თქმით, ძირითადად მოთხოვნა საშუალო და დაბალბიუჯეტიან ბინებზეა და ასევე კომერციულ ფართებზე, თუმცა კომერციული ფართებზე სხვა მოთხოვნები აქვთ კიდევ – ისინი უნდა მდებარეობდეს ცენტრალურ გამზირზე, განსაკუთრებული ლოკაცია უნდა ჰქონდეს, ასეთი ადგილები უკვე ათვისებულია და ამ ტიპის კომერციულ ფართებზე პრობლემაა.
რაც შეეხება მიგრანტების ეფექტს, ნინო გედევანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათი ნაკლებობა შეინიშნება და თუ რამე მძაფრი პოლიტიკური მოვლენა არ იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელიც მიგრანტების შემოდინებას გამოიწვევს, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არ გაიზრდება. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით იჯარის ნაწილში 5-6%-მდე კლება იყო.
„ახლა შეინიშნება მიგრანტების შემოდინების ნაკლებობა. შესაბამისად, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოსალოდნელია ფასების კლება. ვინც დატოვა ქვეყანა და შემოვიდა საქართველოში, იმათ უკვე იქირავეს, ან იყიდეს უძრავი ქონება. თუ რამე მძაფრი პოლიტიკური მოვლენა არ იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ეს არ გამოიწვევს აქტიურად მიგრანტების შემოდინებას, ისე როგორც იყო 2022-2023 წლებში, ბუნებრივია, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არ გაიზრდება“, – აცხადებს ნინო გედევანიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ