ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირთა ანაზღაურებაში, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაო ფუნქციებს – „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ გამოხატავს შეშფოთებას საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკისა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის მიხედვით ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირთა ანაზღაურებაში, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაო ფუნქციებს.
ფიქტიური დასაქმება: შოუბიზნესის წარმომადგენლები საჯარო სამსახურში
კავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს აქცენტი იმაზე, რომ საუბარია ძირითადად შოუბიზნესის წარმომადგენლებზე – მომღერლებსა და მსახიობებზე – რომლებიც საჯარო უწყებებში სამსახურში არ ჩნდებიან, თუმცა მაინც იღებენ მაღალი ოდენობის ხელფასებს. მათი ანაზღაურება, ხშირად, სამჯერ აღემატება იმ თანამშრომლებისას, რომლებიც უშუალოდ და ყოველდღიურად უზრუნველყოფენ საჯარო სერვისების მიწოდებას.
ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და კადრების გათავისუფლებები: კავშირი კრიტიკულად აფასებს სიტუაციას
„საჯარო სამსახურში განხორციელებული მასობრივი გათავისუფლებები, რომლებიც მიმართულია ბიუჯეტის ოპტიმიზაციასა და თანხების დაზოგვისკენ, იმ ფონზე, როდესაც რეალური საჯარო სამსახურის თანამშრომლები ებრძვიან არასაკმარის ანაზღაურებას, წარმოადგენს მკაფიო დარღვევას“, – აღნიშნავს პროფესიული კავშირი. კავშირი აღნიშნავს, რომ ამგვარი პრაქტიკა არღვევს სამართლიანობის პრინციპს და სამთავრობო სამსახურისადმი ნდობას აზიანებს.
კავშირი მოითხოვს ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას და სამართლიანობის დაცვას
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პრივილეგირებულ ჯგუფებს. ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს გამჭვირვალედ, სამართლიანად და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. გარდა ამისა, განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება არ უნდა წარმოადგენდეს დევნის საფუძველს საჯარო სამსახურში,“ – აღნიშნავს კავშირი.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი“ მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა და უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო რესურსები მხოლოდ იმ პირებს დაურიგდეს, რომლებიც რეალურად მუშაობენ და წვლილი შეაქვთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
