პური გაძვირდა, ხარისხი კი საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების უკმაყოფილება საკვების ხარისხთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში სწორედ პურს უკავშირდება. ფქვილის გაძვირებისა და იმპორტთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვის პირობებში მწარმოებლებს უხარისხო ფქვილის გამოყენება უწევთ, რაც პურის ხარისხზეც ადეკვატურად აისახა და სამართლიანი გულისწყრომაც გამოიწვია.
არსებული მონაცემით, 1 ტომარა ფქვილის ფასი 59 ლარია. ტენდენცია როგორ გაგრძელდება, ჯერჯერობით პროგნოზი არ კეთდება. თუმცა ხარისხთან დაკავშირებით საუბარია იმაზეც, რომ ეს გლობალური საკითხია და საქართველოს გარდა, ბევრ ქვეყანას შეეხო.
შპს „ემსიბი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს, პრობლემა მასშტაბური არ არის, თუმცა არასასიამოვნოა და როგორც მწარმოებლების, ასევე მომხმარებლების მხრიდან ყურადღებას საჭიროებს.
,,საქართველოში იმპორტირებული ფქვილის დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, როცა საქმე პროდუქტის გაძვირებას ეხება.
რუსეთმა დააწესა ექსპორტის გადასახადი ხორბალზე, ამასთან, საქართველოს მთავრობას დადგენილი აქვს საიმპორტო ბაჟი, ეს ყველაფერი ფქვილის ფასზე აისახება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასები მაღლა იწევს. ტენდენცია როგორ გაგრძელდება, ამაზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. ხარისხთან მიმართებაში წისქვილკომბინატებში რა ხდება, ვერ გეტვით. ჩვენს ქარხანაში, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ნაწილობრივი იმპორტი იქედანაც მოგვდის.
ვერ უარვყოფ, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ამას ინტენსიური სახე არ აქვს. გლობალური გამოწვევაა. საქართველოში დაბალ ფასზე აქცენტის გაკეთება იწვევს პრობლემას ხარისხთან დაკავშირებით, უმეტესობა დაბალი ხარისხის პროდუქტია. ამით საბოლოოდ მომხმარაბელი ზარალდება და უკვე გარკვეულმა პრობლემამაც იჩინა თავი”, – ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.
სექტორში ღიად საუბრობენ, რომ რუსეთიდან ფქვილის შემოტანა არარენტაბელური გახდა. როგორც საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ყველაფერზე უარყოფითად იმოქმედა იმ გარემოებამაც, რომ იმპორტის გადასახადმა აიწია.
,,ცნობილია, რომ ფქვილთან დაკავშირებით არსებობდა ე.წ. დამაბალანსებელი მოსაკრებელი. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაბალანსებულიყო როგორც ხარისხი, ასევე ფასი, რომელიც ხელს შეუწყობდა ფქვილის მწარმოებელს და მეპურესაც. რუსეთიდან შემოსულ ფქვილზე ფასები დაბალი იყო და ქართული წისქვილკომბინატები, ფაქტობრივად, ვერ მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ამოქმედებულიყო ქართული წისქვილები, ფერმერებისთვისაც მოტივაცია გაეზარდათ, დროებითი გადასახადი დაწესდა. თავდაპირველად ეს იყო 1 ტომარა ფქვილზე 10 ლარი, რომელიც მერე 12,50 ლარი გახადეს. მწარმოებლებიც მუშაობდნენ და კარგი ხარისხის პური იწარმოებოდა. ძალიან ბევრი მეწარმე რუსულ ფქვილს ქართული პროდუქტის შესარევად იყენებდა და ამით აუმჯობესებდა ხარისხს.
როცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობა შეიცვალა, ჩვენ შევხვდით უწყების წარმომადგენლებს, რადგან სურსათის ხარისხის და ფასის პოლიტიკას სწორედ ეს სამინისტრო განსაზღვრავს. ყველა ცდილობს, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური. როცა ვიკითხეთ წელსაც იმუშავებს თუ არა მოსაკრებელი, გვითხრეს, რომ გაგრძელდება. თუმცა ვხედავთ, რომ ფქვილის ფასები იზრდება და 1-ლი ხარისხის ფქვილის ფასი უკვე 58 ლარამდეც ავიდა. ხოლო უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულებამ 75-80 ლარს მიაღწია. ისე მოხდა, რომ დამაბალანსებელი გადასახადი გაზარდეს და ტონაზე 300 ლარი გახდა, რაც ტომარაზე უკვე 15 ლარია. შესაბამისად, რუსული ფქვილის შემოტანის აზრი დაიკარგა”, – ამბობს მალხაზ დოლიძე.
მისივე ინფორმაციით, დღეს ქართული წისქვილკომბინატები კონკურენციის გარეშე დარჩნენ, რამაც, თავის მხრივ, ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედა.
,,პურის ხარისხის საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტი და მოსაგვარებელია. ეს უნდა იყოს სიკეთე როგორც მწარმოებლის, ასევე მცხობელისა და ხორბლის მომყვანი ფერმერებისთვის. დღესდღეობით ხარისხი არაა ისეთი, რომ წარმოების პროცესში მთავარი როლი ჰქონოდეს. ჩვენთან ფქვილი დღესდღეობით ყაზახური, რუსული და ქართული ხორბლის შერევისგან მზადდება – რუსულის წილი და მნიშვნელობა სერიოზულია და მასზე წვდომის დაკარგვა ხარისხს მკვეთრად აუარესებს, ასევე, ამ ეტაპზე მარაგების შექმნას, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის. პურის გაძვირებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ხარისხი უარესდება და ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ცნობისთვის, მასობრივი წარმოების ქარხნული პური ქსელურ და საცალო სუპერმარკეტებში 4 მარტიდან 10 თეთრით გაძვირდა და უკვე ყველგან 1.20 ლარს მიაღწია. პურის გაძვირებას წინ უძღოდა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდა და თან გაიზარდა. იქამდე, იმპორტირებულ 1 ტონაზე ფქვილზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარი გახდა.
“რეზონანსი”
