აიკრძალება თუ არა საქართველოში აბორტის გაკეთება? ეს ეჭვი მოსაყდრე შიოს განცხადებამ გააჩინა. სასულიერო პირმა კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებაზე გუშინ ოჯახის სიწმინდის დღეს ილაპარაკა.
საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია უკვე გახდა კრიტიკის საგანი. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის და ეს მრავალი წლის განმავლობაში მრავალი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ თუ ძალაში ახალი შეზღუდვები შევა, ეს ქალებს წაართმევს გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ფეხმძიმე ქალები იძულებული გახდებიან, ეს პროცედურა არალეგალურად, სახიფათო პირობებში ჩაიტარონ, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულდეს.
“პირველ რიგში, ქალებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელთა სხეულებსაც და რომელთა მომავალსაც უკავშირდება ეს საკითხი და ამ თემაშ ინტერვენცია, ვთქვათ, იგივე საპატრიარქოს მხრიდან, უადგილოა, მითუფრო სკელურულ სახელმწიფოში.
არასწორია მტკიცება, რომ აბორტების რაოდენობა გაზრდილია საქართველოში. პირიქით, 2012 წელს აბორტების რაოდენობა 39 ათასზე მეტი იყო და ახლა, დაახლოებით, 14-15 ათასია.
ბუნებრივია, რომ აკრძალვას ექნება ძალიან მძიმე შედეგები, როგორიც არის არალეგალური აბორტები პრაქტიკის გაჩენა, რომელიც, საბოლოოდ, ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ქალების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე”, – ამბობს თამთა მიქელაძე.
საფრთხეებზე საუბრობს ფონდი “ქალები საერთო მომავლისთვის” წარმომადგენელი იზა ბახტურიძეც. მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი არა აბორტების აკრძალვა, არამედ პრევენციული ზომებია. ამასთან, სპეციალისტი ამბობს, რომ აბორტების დიდი ნაწილი სწორედ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული.
“ეს მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის ქალებზე და ბავშვების სიცოცხლეებზე ზრუნვა. აბორტების აკრძალვა დაკავშირებული დემოგრაფიულ პრობლემებთან არ არის. მეტიც, აბორტის აკრძალვა ყველა ქვეყანაში იწვევს უფრო მეტ სივდილიანობას როგორც დედათა, ისე ჩვილ ბავშვთა. ბევრი ქვეყნის გამოცდილებით დადასტურდა, რომ პრევენციაზე მუშაობა არის ყველაზე კარგი საშუალება აბორტების შემცირების. სახელმწიფო ვერც იმას უზრუნველყოფს, რომ გაჩენილ ბავშვებს თავად მოაუაროს და არც მშობლებს აქვთ ამის შესაძლებლობა და აბორტების უდიდესი ნაწილი კეთდება იმიტომ, რომ ეკონომიკური და სოციალური პირობები არ აქვთ მშობლებს. მაშინ სახელმწიფო რას სთავაზობს?” – ამბობს იდა ბახტურიძე.
წყარო: tvpirveli.ge
