„მეპატრონემ ფართი უცხოელზე უფრო ძვირად გააქირავა” – “ბურატინოს” ახალი ფილიალი ბათუმში გაიხსნა

„მეპატრონემ ლოკაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე უფრო ძვირად გააქირავა. შესაბამისად, ფართის გარეშე დავრჩით,” – ამის შესახებ ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინის მწარმოებელი კომპანიის „ბურატინო“ დამფუძნებელმა, ნათია ჯოხარიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
როგორც ჯოხარიძემ აღნიშნა, კომპანია „ბურატინო“, რომელიც უკვე სამი წელია ბაზარზეა და მომხმარებელს ტაილანდური რეცეპტით დამზადებულ ნაყინს სთავაზობს, თავდაპირველად თბილისში, ორბელიანზე ოპერირებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მოთხოვნისა და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ახალი ლოკაციის მოძიება მოუწიათ.
„იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ტურისტების და ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობაზე აისახა, გადავწყვიტეთ, რომ სხვა ლოკაცია ბათუმში მოგვეძია. ბათუმში ობიექტს მინი ფანქეიქები დავამატეთ, ასევე წლის განმავლობაში კიდევ სხვა სიახლეებიც გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ჯოხარიძემ და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე თბილისის ბაზარს კვლავ დააბრუნებენ, თუმცა კონკრეტული ლოკაცია ჯერ არ შერჩეულია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თბილისში დაბრუნდება, „ბურატინო“ ბათუმში ოპერირებას კვლავ განაგრძობს.