26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ბათუმში წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება. ღონისძიების ჩასატარებლად ბათუმის კულტურის ცენტრი 65 ათას ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის.
ბათუმის კულტურის ცენტრის განმარტებით, ღონისძიების დეტალები შესათანხმებელი იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამიტომ მომსახურების ტენდერით შესყიდვა დროში ვეღარ მოესწრება.
„გადაწყდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდეს ერთი გარკვეული საერთო კონცეფციის, რეჟისურისა და სცენოგრაფიის შესაბამისად, იმ აქცენტების გათვალისწინებით, რაც ამ დღეს განსაკუთრებულად გამოარჩევს [საერთო ლოგო, საერთო ღონისძიებები და ა.შ.].
ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ კონსულტაციები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ საორგანიზაციო კომიტეტთან; ამ დრომდე მიმდინარეობდა პროექტის დეტალების საბოლოო შეთანხმება. გამომდინარე აქედან კულტურის ცენტრი მთლიანად დამოკიდებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე.
ვინაიდან ღონისძიების შემადგენელი კომპონენტები და დეტალები შესათანხმებელი იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, შეუძლებელი იყო საჭირო შესყიდვების და ვადების წინასწარ განსაზღვრა. ამდენად, მომსახურების შესყიდვა მიზანშეწონილია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეუფერხებლად, მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში.“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
ცენტრის განაცხადის მიხედვით, 65 ათას ლარში შესასყიდი მომსახურება მოიცავს: ბანერების დამზადებას; საგამოფენო სივრცისა და თემატური დეკორაციების მოწყობას; ბოძებზე დროშების განთავსებას; კარვებით უზრუნველყოფას, ბექსთეიჯის მომსახურებას; საბავშვო კუთხის მოწყობას; ელექტროენერგიის ქსელის მოწყობასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას; ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.
ამავე თანხაში შედის ღონისძიებაში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარიც.
შესყიდვების პორტალზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიკა 26 მაისის დილის 10 საათისთვის უნდა იყოს მზად.
ამ ეტაპზე უცნობია ვისგან შეისყიდის კულტურის ცენტრი ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.
წყარო: “ბათუმელები”
