“არ შეიძლება ყველას მივცეთ მუშაობის უფლება, ვინც საქართველოში მოხვდება!” – მოსაზრება

საქართველოს შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნების მოქალაქეები მომრავლდნენ. თუკი ადრე, ძირითადად, დასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა უკვე ბიზნესის კეთებაზე გადაერთვნენ, რის გამოც ადგილობრივები არაჯანსაღ კონკურენციაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრების ეს ეხება ავტოდილერებისა და გიდების მიმართულებას, სადაც ამიტომ უცხო ქვეყნების მოქალაქეების საქმიანობის რეგულაციას ითხოვენ. ერთიც და მეორც მნიშვნელოვანი მიმართულებებია.
უცხოელები ამ დროს მეტი შეღავათით სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები, რომლებსაც ბევრი ბიუროკრატია სჭირდება. შესაბამისად, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები უცხოელების რეგულაციის საჭიროებაზე ღიად ალაპარაკდნენ. რასაც სპეციალისტების ეთანხმებიან და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ქართველი ავტოდილერები, უცხო ქვეყნის იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, რეგულაციის შემოღებას აქტიურად ითხოვენ. საუბარია, ძირითადად, ყაზახ და ყირგიზ ავტოდილერებზე, რომლებიც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდიან.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, უცხოელები მეტი უპირატესობით სარგებლობენ, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია იქმნება. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა, რა დროსაც დარგის წარმომდგენლებთან ერთად, პირველ რიგში გადასადგმელი ნაბიჯები გამოიკვეთა.
„დარგის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბევრი სექტორია მასში ჩართული, საჭირო იყო ყველასთან საკითხის გავლა. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, გამოსავალზე, მიზნებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. შემდეგი შეხვედრა უკვე იქნება ფინანსთა სამინისტროში, რომ ჩვენი შეხედულებები გავაცნოთ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, რომ დარგს დაეხმაროს“, – აღნიშნა ალექსი ნონიაძემ და დასძინა, რომ გამოსავალი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოიძებნოს.
„როგორც ირკვევა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც აქ ბიზნესით არიან დაკავებული, უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობენ, მაგალითად, გარკვეულ გადასახადებს არ იხდიან. ჩვენ მოქალაქეს თუ აქვს ვალდებულება, რომ მინიმუმ ინდმეწარმედ გაფორმდეს, იგივე ვალდებულება უნდა გაუჩნდეთ მათაც. როგორღაც უნდა გათანაბრდეს პირობები. რაც შეეხება დემპინგურ ფასს, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ამიტომ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ არ შევთანხმებულვართ“, – განაცხადა ნონიაძემ.
რაც შეეხება უცხოელი გიდების საქმიანობას, ცნობილია, რომ მათი სავალდებულო რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდება, არადა წესით 1 თვეში უნდა ამოქმედებულიყო. ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით, მთავრობა საკითხის გადაწევას აპირებს, რასაც ადგილობრივი ტუროპერატორების მწვავე შეფასებები მოჰყვა.
რეგულაციების აუცილებლობაზე ისაუბრა ბიზნესის სამართლის იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ მექანიზმებზე, რაც ადგილობრივ ბიზნესს პრობლემის დაძლევაში დაეხმარება და კონკურენციის პირობებს გააუმჯობესებს.
,,ჩვენზე გაცილებით უკეთესი, დიდი გამოცდილების მქონე ევროპული, დასავლური და ასევე აზიური სახელმწიფოები არიან, რომლებმაც ეს გზა გაიარეს. რაც უნდა გაკეთდეს, მთავრობის პრეროგატივაა, ვინაიდან ნორმატიულ დონეზე მოსაგვარებელი პრობლემაა. მაგალითად, სტუდენტს აქვს თუ არა მუშაობის უფლება საქართველოში, უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი. წესით, მას აქვს მუშაობის უფლება კვირის განმავლობაში რამდენიმე საათით და ისიც სასწავლებლის ნებართვის საფუძველზე. თუ საქმე უცხო ქვეყნების მოქალაქეების ბიზნეს საქმიანობას ან უბრალოდ, დასაქმებას ეხება, უნდა მოხდეს ამ პირების საზღვარზევე აღრიცხვა, რამდენი ხნით შემოდის საქართველოში და სავიზო რეჟიმი გადაისინჯოს.
ნებისმიერ კომპანიას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ასეთ ადამიანს მოსთხოვოს დაზღვევა, ამასთან, დაადგინოს მუშაობის პირობები, მინიმალური ხელფასის ოდენობა და სხვა. როდესაც ვსაუბრობთ შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების წართმევის შესახებ, ყველა ეს საკითხი მოგვარებადია. არსებობს გამოცდილება, რითაც შეიძლება იხელმძღვანელოს ქვეყანამ.
რა თქმა უნდა, მუშაობის უფლება აქვთ უცხოელებსაც, მაგრამ ისინი ადგილობრივ დასაქმებულებთან არაჯანსაღ კონკურენციაში არ უნდა შედიოდნენ. მათთვისაც წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და ცნობილი სახელმწიფო პოლიტიკა, ყველაფერი უნდა აღირიცხოს. შრომითი ურთიერთობები სწორედ შესაძლებლობების და მოთხოვნის მიხედით არის დასარეგულირებელი“, – აღნიშნა იურისტმა და დაამატა, რომ საქმიანობაზე რეგულაცია უნდა დაწესდეს და უცხოელებზე მუშაობის უფლების ნებართვა გამკაცრდეს.
,,უცხოელების ბიზნეს საქმიანობა საკმაოდ ფრთხილი თემაა. ერთია, რომ პირი ლტოლვილია, აქვს აქ ცხოვრების უფლება, მაგრამ სულ სხვა რამეა მუშაობის უფლება. ბევრი ქართველია სხვა ქვეყანაში, მაგრამ მუშაობის უფლება არ აქვთ ყველგან, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. თუკი ამა თუ იმ ქვეყანაში მუშახელის დეფიციტი არ არის, ემიგრანტები ვერ დასაქმდებიან. ის, რომ შუა აზიიდან და ფილიპინებიდან ჩამოიყვანო ხალხი და აქ ამუშაო, არასწორია. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი.
არ შეიძლება ყველას მივცეთ მუშაობის უფლება, ვინც საქართველოში მოხვდება, კვოტირებაა საჭირო. ჯერ ისედაც დაბალი ხელფასები აქვთ და ესენი უფრო დაბალ ანაზღაურებაზე არიან თანახმა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
განსაკუთრებით გამოვყოფ ტურიზმის სფეროს, რაც გიდებთან დაკავშირებით ხდება, წარმოუდგენელია. ცნობილი ფაქტია, თურქი გიდები როგორ უყვებიან ვიზიტორებს , თითქოს თბილისი ადრე იყო თურქეთი, დამახინჯებულად ყვებიან ისტორიას, ესეც უნდა შეიზღუდოს. გიდად მუშაობის უფლება მარტივად არ უნდა მიეცეს ადამიანს”, – განაცხადა ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა.
მისი თქმით, ასევე დიდი გაურკვევლობაა გაქირავების სეგმენტში, სადაც საქმე კიდევ უფრო რთულადაა.
,,უცხოელებისთვის უძრავი ქონების ყიდვის უფლების მიცემას ცალკე რეგულირება უნდა, მისახედია ეს საკითხი. არაერთი შემთხვევაა, რომ ქირაობენ ფართებს და მერე აქირავებენ სხვაზე. ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება რატომღაც აგვიანებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით შეზღუდულები იყვნენ და მკაცრ ზომებს ვერ ატარებდნენ, ახლა უფრო არის ამის შესაძლებლობა. რა მდგომარეობაცაა დღეს, არა მარტო მუშახელს და ბიზნესს, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც აზარალებს”, – დასძინა სიმონიშვილმა.
როგორც გაირკვა, ჰორეკა სექტორში თანდათან მატულობს უცხო ქვეყნების მოქალაქეეების რაოდენობა, ძირითადად, შუა აზიიის ქვეყნებიდან, ასევე არის რუსულენოვანი კადრებიც.
„ტურიზმის შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის -1-ლი იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), ასევე ტურისტული გიდი და ა.შ.
ცნობისთვის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე კანონის მიხედვით 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
წყარო: “რეზონანსი”