სახელმწიფო სტანდარტით, შუახევის წყალში აღმოჩენილი ბაქტერიების ნორმა შეუსაბამოა წყლის დადგენილ სტანდარტთან – მედია

„შუახევის წყალში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები“ – ამბობს შუახევში მცხოვრები ლია ქამადაძე „ბათუმელებთან“, რომელმაც შუახევის წყლის ანალიზი კერძო ლაბორატორიაში საკუთარი ინიციატივით გააკეთა.
მისი თქმით, წყლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენიშნა, რომ ონკანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მღვრიე წყალი მოდიოდა, შუახევის მერიიდან კი მთელი თვის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – აკმაყოფილებს თუ არა შუახევის წყალი სტანდარტს და ხომ არ არის ის ჯანმრთელობისთვის საშიში.
„ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა. წყლისგანაა ეს გამოწვეული თუ სხვა რამისგან, არ ვიცი, ამიტომ წავედი გამოკვლევაზე თურქეთში.
სამწუხაროდ, ჩვენთან შუახევის წყალი არასდროს იყო ნორმალური, მაგრამ ბოლო ორი წელია კიდევ უფრო საშინელია.
ამაში ვგულისხმობ იმას, რომ წყალი არის ამღვრეული, დააყენებ და საშინელი ნალექი აქვს, ბინძურია ვიზუალურადაც.
ჯერ კიდევ გასულ წელს მივწერე შუახევის მერიას ფეისბუქის გვერდზე წყლის ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არავინ გამცა.
წარმოიდგინეთ, მოდის ბინძური წყალი და ისიც გრაფიკით. სკოლაში ვმუშაობ და ათის ნახევარზე წყალი რომ შეწყდება, პირველ საათამდე არ მოდის. წყდება ორზე და მერე ისევ საღამოს ექვსიდან თერთმეტამდე ირთვება. ხვდებით ხომ, რა მდგომარეობა შეიქმნება უწყლოდ, საპირფარეშოებში.
რადგან შარშან არავინ გამომეხმაურა, მივწერე წელსაც მერიას, ისევ ფეისბუქზე. როცა ისევ არავინ მიპასუხა, შემდეგ, შუახევის მერის, ომარ ტაკიძის გვერდს მივწერე და არც იქ მიპასუხა არავინ.
შემდეგ მითხრეს, რომ დავუკავშირდე მერიის სერვისების მართვის სააგენტოს. მოვიძიე ნომერი და ვიკითხე, როგორ შეიძლება ასეთი წყალი მოდიოდეს – მეთქი.
რა თქმა უნდა, არც ანალიზის პასუხები მოუწოდებიათ, არც პასუხი გამცეს. შემდეგ მერთან დავიწყე რეკვა, თუმცა არც ის მპასუხობდა ზარებზე. მივწერე პირად შეტყობინებაშიც, რომ შუახევის წყალი ბინძურია, არავინ მცემს პასუხს და იქნებ რეაგირება მოახდინოთ- მეთქი, თუმცა არც ამ შეტყობინებაზე მიპასუხა მერმა.
ორჯერ მივაკითხე მერიაში და არ არისო მითხრეს. მესამე ვიზიტი დამჭირდა, რომ შემთხვევით მენახა მერი კაბინეტში. ვკითხე, ნუთუ არ შეგიმჩნევიათ ან არ გაწუხებთ შუახევის ბინძური წყალი-მეთქი? ვუთხარი, რომ მქონდა ლაბორატორიის დასკვნა, რომელიც ჩემივე სახსრებით გავაკეთე და გავუგზავნე ეს დასკვნაც“, – ამბობს ლია ქამადაძე.
შუახევის ცენტრალური წყლის სინჯი, რომელიც ყოფილი პანსიონის შენობიდან იყო აღებული, კერძო ლაბორატორია „მეგატესტში“ 2025 წლის აპრილში გაიგზავნა.
ლაბორატორიული კვლევის პასუხში, რომელიც 14 აპრილს გახდა ცნობილი, ნათქვამია, რომ აღებულ სინჯში აღმოჩნდა ისეთი მავნე ბაქტერიები, როგორიცაა „საერთო კოლიფორმული ბაქტერიები“, E.coli, Streptococcus faecalis / Intestinal enterococci, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წყლის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სასმელ წყალში არ უნდა იყოს.
სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით, ქიმიური შემადგენლობით – უვნებელი და ჰქონდეს კეთილსასურველი ორგანოლეპტიკური თვისებები.
სასმელ წყალში არ დაიშვება შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი წყლის ორგანიზმებისა და ზედაპირული აპკის არსებობა.
სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, შუახევის წყალში აღმოჩენილი ბაქტერიების ნორმა შეუსაბამოა წყლის დადგენილ სტანდარტთან.
როგორც ლია ქამადაძე ამბობს, წყლის სინჯები დადგენილი სტანდარტით იყო აღებული, ლაბორატორიულ ჭურჭელში, ონკანის დამუშავების შემდეგ.
„როგორც ამიხსნეს ლაბორატორიაში, იმ სტანდარტით ავიღე წყალი. მითხრეს, რომ არ უნდა ყოფილიყო ახალ დენილი წყალი, რომ ონკანი უნდა ყოფილიყო სუფთა და უნდა ყოფილიყო მომწვარი ცეცხლით, რომ ონკანის ზედაპირზე არსებული ბაქტერიები არ მომხვდარიყო სინჯში.
კი ვიცოდი, რომ ბინძური იყო, მაგრამ პასუხებით გაოცებული დავრჩი. ხუთი კრიტერიუმიდან ოთხს ვერ აკმაყოფილებს ეს წყალი და ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიებია ამ წყალში, საიდანღაც ფეკალიებიც ერევაო, მითხრეს ლაბორატორიაში.
„სანტეს“ და „სოფლის ნობათის“ ამბები ტრიალებდა იმ პერიოდში და პირველი რაც გავიფიქრე, იყო, რომ ნაკელს გვაჭმევენ და ნაკელს გვასმევენ – მეთქი.
ლაბორატორიაში მკითხეს, შუახევის ცენტრალურ წყალს ფილტრი არ აქვს, არ მუშავდებაო? მე არ ვიცი, ისიც კი არ ვიცი, საიდან მარაგდება შუახევი ამ წყლით“, – ამბობს ლია ქამადაძე.
მისი თქმით, კერძო ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ, ის მერიის შესაბამისი სამსახურიდან ითხოვდა ეჩვენებინათ კვლევა, თუკი ჰქონდათ რაიმე ჩატარებული წყლის ხარისხზე ან ამის შემდეგ მაინც ჩაეტარებინათ, რომ გაეგოთ წყლის არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ ეს კვლევა არც ამის შემდეგ წარმოუდგენიათ.
„ერთმანეთს ეკითხებოდნენ – „ბოლოს როდის გავაკეთეთ?“ – ესეც არ იცოდნენ. ერთადერთი შედეგი ამ ამბის ის არის, რომ მერთან შეხვედრის შემდეგ, მითხრეს, რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს და წყლის ხარისხი გაუმჯობესდებაო. ვიზუალურად მართლაც უკეთესი წყალი მოდის ახლა, ამღვრეული აღარ არის, მაგრამ წყლის მიკრო-ბიოლოგიური ანალიზი გააკეთეს თუ არა, არ ვიცი.
ვითხოვ მაისის თვის წყლის ლაბორატორიულ ანალიზს და ისევ არავინ მპასუხობს, ისევ არავინ მიგზავნის დოკუმენტს“, – ამბობს ლია ქამადაძე.
მისი თქმით, ის კიდევ აპირებს ლაბორატორიული ანალიზის დამოუკიდებლად გაკეთებას მაისში, რომ გადაამოწმოს, შეიცვალა თუ არა რაიმე წყლის ხარისხში.
„85 ლარი დამიჯდა ამ წყლის ანალიზი, მაშინ როცა, სახელმწიფო ვალდებულია მე, როგორც მოქალაქეს, მომაწოდოს ინფორმაცია წყლის ხარისხზე და წარმომიდგინოს ლაბორატორიული კვლევის ანალიზიც.
მე ვიბრძვი ჩემი მოსწავლეების ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ამაზე ხმას არავინ იღებს, მაშინ როცა საქმე ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება.
არაერთხელ იყო სკოლაშიც ფაქტი, როცა მოსწავლე გეუბნება -„მას, მუცელი მტკივა“.
მე არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ბავშვების ჩივილები ამ წყლის ხარისხს პირდაპირ, მაგრამ ფაქტია, რომ წყალი არის უხარისხო და სახელმწიფო ვალდებულია, შეამოწმოს მისი ხარისხი და მომხმარებელს ჰქონდეს წყლის ხარისხზე ზუსტი ინფორმაცია“, – ამბობს ლია ქამადაძე.
მედია დაუკავშირდა შუახევის მერიას და ჰკითხა, თუ აქვთ ინფორმაცია, ბოლოს როდის ჩატარდა სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი და აკმაყოფილებს თუ არა წყალი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სტანდარტს.
შუახევის მერიაში მედიის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მოგვიანებით გამოგვეხმაურა პრესსამსახური, რომელმაც მოგვწერა, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. „ბათუმელები“ მერიას წერილობითაც მიმართავს. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
წყარო: “ბათუმელები”