ქართველმა ფეხბურთელებმა საფრანგეთში ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს

17 მაისს, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საფრანგეთის ფეხბურთის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბებმა მონაწილეობა მიიღეს კამპანიაში, რომელიც მოიცავდა მაისურებზე ცისარტყელას ფერებში ნომრების ტარებას, ასევე, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების მიერ ცისარტყელას ფერების სამკლავურების ტარებას.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მაისურზე ჰომოფობიის წინააღმდეგ სლოგანებითა და სიმბოლოებით მატჩებზე წარდგნენ ქართველი ფეხბურთელებიც – , ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძეც.
პარი სენ-ჟერმენმა (PSG) სეზონი გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დაასრულა. მატჩში ორი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მიუხედავად კამპანიისა, რამდენიმე ფეხბურთელმა უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე. ტულუზას ფეხბურთელებმა ზაქარია აბუხლალმა, ფარეს შაიბიმ, ლოგან კოსტამ, საიდ ჰამულიჩმა და მუსა დიარამ განაცხადეს, რომ არ სურდათ ცისარტყელას ფერების ტარება, რის გამოც კლუბმა ისინი მატჩის შემადგენლობიდან ამოიღო.
ნანტის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, მოსტაფა მოჰამედმა, ასევე იმავე მიზეზით თქვა უარი მატჩში მონაწილეობაზე, რის გამოც კლუბმა მას ფინანსური სანქცია დააკისრა.
ფეხბურთელებმა თავიანთი გადაწყვეტილება პირადი რწმენებითა და კულტურული ღირებულებებით ახსნეს. ზაქარია აბუხლალმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ეს მისთვის საკუთარი რწმენის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.
“პატივისცემა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ის ვრცელდება სხვებზე, მაგრამ ასევე მოიცავს პატივისცემას ჩემი პირადი რწმენების მიმართ. არ მიმაჩნია, რომ მე ვარ ყველაზე შესაფერისი ადამიანი ამ კამპანიაში მონაწილეობისთვის”, – აღნიშნა მან.
ფეხბურთელთა პროფკავშირმა (UNFP) კი აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს არ უნდა დაეკისროთ კოლექტიური გზავნილების გავრცელება, რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მის პირად თავისუფლებას.
2017 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლავურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა.
ამას საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილმა კაშია ძალიან გააკრიტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომი თვეების განმავლობაში მიცემულ ინტერვიუებში, კაშია გამუდმებით აფიქსირებდა მის მხარდაჭერას ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ.