თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, მეტროს ხაზები უნდა გავაფართოვოთ – საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

„თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, მეტროს ხაზები უნდა გავაფართოვოთ, სხვა შემთხვევაში, მანქანების რაოდენობა იზრდება და მომავალშიც გაიზრდება – ეს ლოგიკური და გარდაუვალია“, – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლონდონში, ტოკიოსა თუ სხვა დიდ ქალაქებში, მეტროს ხაზები პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზეა, რის გამოც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის გადასაადგილებლად მოსახერხებელი და კომფორტულია.
„10 წლის წინ, როცა მანქანების შემცირების საკითხზე მსჯელობა მიდიოდა, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: თბილისის ასეთი საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში, შეუძლებელია, მანქანების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის გამოსავალი არის მეტროს ხაზების გაფართოება.
ლონდონში, ტოკიოსა თუ სხვა დიდ ქალაქებში, მეტროს ხაზები პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზეა, რის გამოც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის გადასაადგილებლად მოსახერხებელი და კომფორტულია. თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, სწორედ მეტრო უნდა გავაფართოვოთ. სხვა შემთხვევაში, როგორც არ უნდა ვებრძოლოთ იმას, რომ მანქანების რაოდენობა არ გაიზარდოს, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.
ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს მანქანის ყოლა ელემენტარული შემოსავლის მისაღებად სჭირდებათ და აგიხსნით რატომაც: თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მაგალითად გლდანიდან ორთაჭალაში, ან პირიქით, სამსახურში სიარული რომ გიწევდეს, მეტროს სათანადოდ ვერ იყენებ, გიწევს 2-3 გადაჯდომა სხვადასხვა ტრანსპორტში და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ათეული წუთი გჭირდება, რასაც შესაბამისი დოზით ფიზიკური და გონებრივი დაღლაც ემატება. ცხადია, ეს მხოლოდ გლდანი-ორთაჭალის მარშრუტს არ ეხება და სხვა ბევრი უბნებია, რომელთა დაკავშირებაც მანქანის გარეშე პრაქტიკულად გამორიცხულია.
გარდა ამისა, დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ სამსახურში მუშაობს – უმრავლესობას სჭირდება რამდენიმე სამსახური იმისთვის, რომ მან და მისმა ოჯახმა თავი კომფორტულად იგრძნოს. რამდენიმე სამსახურს კი გადაადგილებისა და მოძრაობის აუცილებლობა ახლავს, შესაბამისად, ქალაქში შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ადამიანებს ურჩევნიათ, ბიუჯეტური და მათთვის სასურველი მანქანა იყიდონ და მსგავსი მარშრუტები მისი გამოყენებით დაფარონ. ეს არც გასაკვირია, არც ალოგიკური და არც დასაძრახი, უბრალოდ, რეალობიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს მელაძე.
ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 912 866 ავტომობილია რეგისტრირებული. 2025 წლის 1-ლი იანვრის სტატისტიკით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3 704 500 ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, 1.93 ადამიანზე 1 მანქანა მოდის.
შედარებისთვის: ბოლო 10 წელში რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობა დაახლოებით 700 000-ით გაიზარდა – 2015 წელს, როცა საქართველოს მოსახლეობა თითქმის ამდენივე – 3 721 916 ადამიანი იყო, ქვეყანაში რეგისტრირებულ მანქანათა რაოდენობა 1 200 000-ზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
წყარო: bpn.ge