ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს თავისუფლად, თანასწორად და ღირსეულად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
„ადამიანის უფლებები გვეკუთვნის ყველას, ვინც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვინც არ უნდა გვიყვარდეს“, – ნათქვამია კალასის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქვიარ თემს უპირობო სოლიდარობას უცხადებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მას შემდეგ რაც, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა.
მათივე შეფასებით, ჰომოფობია ქართული ოცნების “პოლიტიკური მართვისა და ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის ღერძი გახდა”.
ქართული ოცნების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა დარჩა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი, რაც მათ სტიგმატიზაციას, გარიყვასა და მიზანმიმართულ გაწირვას იწვევს.
როგორც SJC წერს, ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებით, ქართული ოცნება პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.
