ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება ზურაბ პოლოლიკაშვილის გაწვევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრიდან.
თეა მაისურაძე წერს, რომ “რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს”.
მანამდე ზურაბ პოლოლიკაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ნახსენები უკმაყოფილება მისი ფიგურისადმი, – რის შესახებაც პარტიას ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ მიანიშნებდა, – უკავშირდება ჩეხეთში ყოფილ ელჩს, თეა მაისურაძეს.
რადიო თავისუფლება წერდა, რომ პოლოლიკაშვილის გუნდში რამდენიმე თვის წინ მუშაობა დაიწყო საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩეხეთში, თეა მაისურაძემ, – რომელმაც დიპლომატიური სამსახური 2024 წლის დეკემბერში დატოვა, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და თბილისში პროევროპულ, ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეებზე მასობრივი ძალადობის ფონზე.
15 მაისს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ზურაბ პოლოლიკაშვილმა სწორედ თეა მაისურაძის ფაქტორზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურები დაჟინებით სთხოვდნენ, მოეხსნა. პოლოლიკაშვილმა თქვა ისიც, რომ 25 იანვრამდე „ძალიან ბევრ რაღაცას ერთად ვაკეთებდი [„ქართულ ოცნებასთან“] და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს“.
„არის ასეთი ადამიანი, თეა მაისურაძე, რომელიც იყო ჩეხეთში ელჩი. ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე, მე თვითონ გადავწყვიტე და ავიყვანე ხელშეკრულებით, რამდენიმე თვით რომ დამხმარებოდა კამპანიის პროცესში“, – თქვა პოლოლიკაშვილმა.
„ნუ, ამაზე, რაღაცა, ისეთი ისტერიკა ატყდა, როგორც დღეს დილით ატყდა. ამის შემდეგ თეამ, – შეგნებული ადამიანია, – რომ დაინახა, რომ ასეთი პანიკა იყო, თვითონ, თავისი ინიციატივით თქვა, ზურა გავიწევი, ოღონდ შენ შენს საქმეს არ გავუფუჭო რამეო და აღარ მუშაობდა ჩემთან“, – თქვა პოლოლიკაშვილმა.
როგორც თეა მაისურაძე წერს, “ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.
ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა.
მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.”
· თეა მაისურაძე, – რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული იყო, – საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2006 წლიდან მუშაობდა.
· „საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“ – დაწერა მან 2 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ზე.
· 2025 წლის იანვარში თეა მაისურაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა: „ეს არ არის რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსის ცვლილება, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის ხაზის გადასმა… ძალიან მტკივნეულია, რომ დახმარების, გვერდში დგომის სანაცვლოდ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მიიღეს ძალიან შეურაცხმყოფელი რიტორიკა, – რაც მათ არ დაუმსახურებიათ, – და ჩვენს ქვეყანას და ხალხს არ დაუმსახურებია იზოლაციაში ყოფნა, რასაც, ბუნებრივია, მივყავართ რუსეთისკენ“.
ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც 2017 წლიდან ორი ვადით იყო UNWTO-ს გენერალური მდივანი, უფლებამოსილების მეორე ვადა წელს ეწურება;
იგი მესამედ გეგმავდა კენჭისყრას, კამპანიაც დაწყებული და, მისი თქმით, მხარდაჭერაც მობილიზებული ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად „ქართული ოცნების“ მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.
პოლოლიკაშვილის თქმით, მან დაზუსტებით ამ დრომდე არ იცის გადაწყვეტილების მიზეზი, – რის გამოც ცდილობდა ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებას და „გარკვევას“.
ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის ამბავი თავდაპირველად საჯაროდ წყაროებზე დაყრდნობით 13 მაისს გაავრცელა ესპანურმა ონლაინგამოცემა The Diplomat-მა.
გამოცემა ამ ამბავს აფასებდა „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ და წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს.
2025 წლის იანვარში კობახიძის საამიროებში ვიზიტისას განაცხადა, რომ ემირატების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, EMAAR ჯგუფი, განახორციელებს საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციას – თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტს ააშენებს.
15 მაისს ზურაბ პოლოლიკაშვილს “ფორმულის” წამყვანებმა ჰკითხეს, საფუძვლიანად მიაჩნია თუ არა მოსაზრება, რომ საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ პოლოლიკაშვილის გაწვევა უკავშირდებოდეს ქვეყნიდან გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილის, – ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის – „გამოვაჭრებას“.
„ჭორაობა არ მინდა, მე არ ვიცი ვისში, რაში გამცვალეს და მაგას ვკითხულობ, – რატომ გაცვალეს? ბაჩიაშვილის [გადმოცემაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდე ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, – თუ ეს ასე ხდება. რას ჰქვია, ახლა იქ ადამიანს თუ რაღაცა პრობლემას უქმნიან… არასერიოზული იქნება ახლა ამაზე მე რომ რამე კომენტარი გავაკეთო. უბრალოდ, თუ ეს არის მართლა მიზეზი და ვინმე ამას ადასტურებს, ნუ, რა ვიცი, მაშინ საერთოდ უბედურებაში ვყოფილვართ“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
· გიორგი ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი საჯაროდ დაუზუსტებელი და უცნობია;
· ბაჩიაშვილს, – რომელმაც ქვეყანა 2 მარტს „ტოიოტა ქამრით“ მალულად დატოვა სომხეთის საზღვრის გავლით, – 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე „კრიპტოვალუტების საქმესთან“ დაკავშირებით, – რასაც ბაჩიაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს;
· ბაჩიაშვილის შესახებ ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი „ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა 15 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის გაუქმება „არაფერ კავშირში არ არის არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლის მხარდაჭერასთან“.
„ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი
