ლევან სანიკიძე – სალომე ზურაბიშვილმა თავი ამოწურა, რაც შეეხება „ალტერნატიულ არჩევნებს“, ამ ტერმინის გამოყენებას მოვერიდები, საუბარია პლებისციტის იდეაზე, სადაც მოქალაქეები იტყვიან, რომ „ოცნების“ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ

კოორდინაციის შექმნის ექსკლუზივი სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს. ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად ორაზროვანი მოსაზრებები და მიდგომები გვინახავს – ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ახალი ლიდერის შექმნის მცდელობაა, ამას ბატონი პაატაც არ უყურებს ასე, მაგრამ მისი კონსოლიდაციის უნარები განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.
როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, პაატა ბურჭულაძეს „დამატებითი ამბიციები“ არ აქვს და მასთან შეხვედრები არ ნიშნავს ს ალტერნატიული, „ახალი ლიდერის შექმნის“ მცდელობას.
„კოორდინაციის შექმნის ექსკლუზივი სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს. ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად ორაზროვანი მოსაზრებები და მიდგომები გვინახავს, მათ შორის ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით, როცა ის ამ საკითხს „შემოგდებულ“ თემას უწოდებს. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს სრულ კოორდინაციას, სხვადასხვა ფორმატებში ვიკრიბებით, პაატა ბურჭულაძეს კი ამ მიმართულებით დიდი დამსახურება აქვს, ის აქციების მუდმივი მონაწილეა, მაგრამ ეს შეიძლება თუ არა, რომ ახალი ლიდერის შექმნის მცდელობა იყოს, ვერ ვიტყოდი, ამას ბატონი პაატაც არ უყურებს ასე, მაგრამ მისი კონსოლიდაციის უნარები განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს ფორმატი თემატური გაერთიანებაა, კონკრეტული აქტივობების ორგანიზებისთვის, მათ შორის ალტერნატიული ს ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ამ ფორმატს სრული და მრავლისმომცველი ხასიათი რომ არ აქვს, ამას თამამად ვიტყვი. პაატა ბურჭულაძე ფასილიტაციასაც უწევს, მისი ავტორიტეტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ასევე ის მიღებული პერსონაა საზოგადოებაში, შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია იყოს. მისი მხრიდან რაიმე სახით დამატებით ამბიციებზე საუბარი, მე არ მომისმენია.
ჩვენ თვეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ვიღებდით მონაწილეობას და ფორმატმა შედეგი ნაკლებად მოიტანა, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემის პროცესში, ჩვენ ერთად დიდი როლი შევასრულეთ, როდესაც მანდატებზე უარი ვთქვით. ზურაბიშვილის ფორმატში გახარიაც აღარ მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილმა თავი ამოწურა, მის ფორმატში პრობლემური გახდა პოლიტიკური პარტიების ერთ მაგიდასთან დასმა, ასევე პრობლემურია სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიების ჩართულობის საკითხიც. ბუნებრივია, პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული ლეგიტიმაცია აქვს, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც, მაგრამ ბევრად, უფრო მეტი საინტერესო აქტორი გამოჩნდა, რომლებიც იმსახურებენ ამ პროცესში უფრო მრავლისმომცველ როლს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
კითხვაზე: ხლეჩს თუ არა რამდენიმე საკორდინაციო ფორმატი როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე მათ ამომრჩევლებს, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის.
„არ მგონია, რომ აღნიშნული ფორმატები ოპოზიციას ან მოქალაქეებს ხლეჩდეს. სალომე ზურაბიშვილის ფორმატი მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის დამსწრეთა რაოდენობაც. გეტყვით, რომ დელიკატური საკითხებიც იყო, სალომე ზურაბიშვილს დამსწრეთა შერჩევაზეც პრეტენზია ჰქონდა, მე კი მგონია, რომ ეს შეცდომა იყო, ამის გამო გარკვეული უთანხმოებებიც ხდებოდა. ამ ფორმატში კი ყველას თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება „ალტერნატიული არჩევნების“ ჩატარების შესახებ ბურჭულაძის და ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებად, ლევან სანიკიძემ ახსნა, კონკრეტულად რას გულისხმობს ინიციატივა და იქვე განმარტა, რომ საუბარია არა ალტერნატიულ არჩევნებზე, არამედ ტელეფონისა და სპეციალური სისტემის გამოყენებით ერთგვარი პლებისციტის ჩატარებაზე, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს, ყველას კარგად გვესმის, რომ, როდესაც არ არის დანიშნული ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, როდესაც არის ზუსტად იმავე შემადგენლობით და კიდევ უფრო გაუარესებული საკანონმდებლო ბაზით, როდესაც პოლიტპატიმრები კვლავ ციხეში არიან, წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც კი. ალტერნატიული არჩევნების იდეა იდეის დონეზეა. ამ იდეის ძირითადი ფუნქცია მგონია, უნდა იყოს, რომ მილიონმა და უფრო მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიდის და მონაწილეობას „ოცნების“ მიერ ადმინისტრირებულ არჩევნებში არ იღებს. ამით დასავლეთთან ჩვენ ბევრად მეტი სათქმელი რომ გვქონდეს – „ეს არის მილიონი და უფრო მეტი ადამიანის შეფასება, რომლებიც თავიანთ აზრს ელექტრონული სისტემით აფიქსირებენ, რომ ისინი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არიან და შედეგი, რომელსაც ივანიშვილი 4 ოქტომბერს დააყენებს – მცდარი და ტყუილია.
ამ აქტის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ხელი შეუშალოს. დასავლეთში არის სრული კონსოლიდაცია, რომ თუ ამ პირობებში ჩატარდა არჩევნები, ეს რუსული სპეცოპერაცია იქნება. ამით ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ, რომ არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ, რომ ივანიშვილი დიქტატორად და ავტორიტარად მიგვაჩნია და რომ ახალ არჩევნებს ვითხოვთ. ეს პლებისციტური ხასიათის მატარებელი უნდა იყოს, სადაც ფიქსირებული იქნება მილიონზე მეტი ადამიანის პოზიცია, რომელიც დოკუმენტური ხასიათის იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უკვე მიტაცებულია, რა ადმინისტრირებითაც არ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ამას არჩევნები არ ეწოდება, მაგრამ კარგი იქნება, დოკუმენტური სახით მილიონზე მეტ ადამიანს, კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული. მოვერიდებოდი ტერმინის „ალტერნატიული არჩევნების“ გამოყენებას, რადგან სერიოზულობის ხარისხი უნდა შეიძინოს არ სიტყვამ და ამას აბსტრაქტული მოსაზრებებით ვერ შეიძენს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.