,,ევროკავშირი” შუა აზიაში არსებული კრიტიკული მინერალების მარაგებითაა დაინტერესებული,- ამის შესახებ “აბრეშუმის გზის ასოციაციის” მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ მაღრაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა ინტერესი რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რასაც 17 აპრილს „ტრასეკას“ კავშირში ლატვიის დამკვირვებლად გაწევრიანება მოჰყვა.
„4 აპრილს, სამარყანდში ჩატარებულ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, თქვა, რომ “ევროკავშირი” შუა აზიაში არსებული კრიტიკული მინერალებით არის დაინტერესებული. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სატრანზიტო მარშრუტების ალტერნატიული გზების გახსნა მნიშვნელოვანია, ხაზგასმით იყო აღნიშნული, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრების გახსნა.
ასევე, პოლონეთში ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც „ტრასეკას“ ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. ფორუმზე განიხილეს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაინტერესებულია სავაჭრო გზის ინფრასტრუქტურაში ინვესტირების კუთხით.
17 აპრილს „ტრასეკას“ კავშირს ლატვია შეუერთდა, როგორც დამკვირვებელი ქვეყანა.
ეს ოთხი მოვლენა იმდენადაა გადაჯაჭვული, რომ აშკარაა, პროცესი დაჩქარებით წარიმართება“,- აღნიშნა ზურაბ მაღრაძემ.
მაღრაძე მიიჩნევს, რომ ევროპასა და აზიას შორის მიმდინარე ან სამომავლოდ ინიციირებულ ნებისმიერ პროექტში კავკასიის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
„ყველა პროგრამა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის არსებობს, კავკასიის გარეშე ვერ იარსებებს.
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზებზე რაც არ უნდა გადანაცვლდეს, საქართველოს გარეშე მაინც არაფერი მოხდება. მთავარი არ არის ის, ვის სჭირდება პროდუქციის გასაღება, მთავარია, ვინ იხდის ფულს ამ პროდუქციაში. ფულს ევროპა იხდის, რომელიც სამართლიანი თამაშის წესებით მოქმედებს, მათ შორის ვაჭრობაშიც. შესაბამისად, ევროკავშირის ცალსახა მოთხოვნაა, საქართველოს ჰქონდეს ისეთი წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს აზიის ადმინისტრაციული და ევროპის თავისუფალი ეკონომიკების თანხვედრას. ანუ, ევროპა აზიასთან საქართველოს ჩართულობით მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ ივაჭრებს, რაც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება“,- თქვა “აბრეშუმის გზის ასოციაციის” მმართველმა პარტნიორმა ზურაბ მაღრაძემ.
