უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის რომის პაპ ლეო XIV-ს მადლობას უხდის „მისი ბრძნული სიტყვებისთვის ვატიკანის სურვილზე, შეასრულოს შუამავლის როლი გლობალური მშვიდობის აღდგენაში“.
ზელენსკი X-ზე წერს: „მშვიდობა ყველაზე სანუკვარი სურვილია მილიონობით ჩვენიანისთვის. იმედი გვაქვს და ყველა ძალისხმევას მივმართავთ ღირსეული მშვიდობის აღსადგენად. ვაფასებთ პონტიფიკოსის ბრძნულ განცხადებას და კვლავ ვაცხადებთ ჩვენს მზადყოფნაზე მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის, ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და რუსეთთან პირისპირ, უმაღლეს დონეზე შეხვედრის ჩათვლით“ – წერს ზელენსკი X-ზე.
14 მაისს რომის პაპმა სიტყვით მიმართა აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების წინამძღოლებს, რომლებიც რომში შეიკრიბნენ:
„თქვენზე უკეთესად ვის შეუძლია იმღეროს იმედის სიმღერა, ძალადობის ნიაღვრის ფონზე? თქვენზე მეტად ვის გამოუცდია ომის საშინელება ასე უშუალოდ, რის გამოც პაპმა ფრანცისკემ თქვენ გიწოდათ „წამებული ეკლესიები“? წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ!“ – განაცხადა ლეო XIV-მ.
რომის პაპმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას შუამავლობისთვის მშვიდობის აღსადგენად: “ჩემი მხრივ ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მშვიდობამ იზეიმოს. ვატიკანი ყოველთვის მზად არის მტრები ერთმანეთს შეახვედროს, პირისპირ, რომ ელაპარაკონ ერთმანეთს იმისათვის, რომ ხალხებმა ყველგან დაიბრუნონ იმედი და აღიდგინონ ღირსება, რომელიც დაიმსახურეს, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მე მივმართავ მათ ლიდერებს მთელი გულით: მოდით, შევხვდეთ, მოდით, ვილაპარაკოთ, მოდით მოვილაპარაკოთ! ომი არასდროს არის გარდაუვალი. იარაღი შესაძლებელია და უნდა დადუმდეს, ვინაიდან იარაღი არ აგვარებს პრობლემებს, არამედ ზრდის მათ. ისტორიას მშვიდობისმყოფელები ქმნიან და არა ისინი, რომლებიც ტანჯვის მარცვალს თესავენ. ჩვენი მეზობლები არ არიან ჩვენი უპირველესი მტრები, არამედ ისინი ჩვენნაირი ადამიანები არიან; არა დამნაშავეები, რომლებიც უნდა გვძულდეს, არამედ სხვა კაცები და ქალები, რომლებსაც შეგვიძლია ველაპარაკოთ. მოდით, უარი ვთქვათ მანიქეველურ მცნებებზე, რაც ასე ახასიათებს ძალადობრივ მსოფლმხედველობას, რომელიც ყოფს მსოფლიოს კეთილებად და ბოროტებად” – განაცხადა 14 მაისს ლეო XIV-მ.
ფორუმი
