ქართული ოცნების მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც თავად წარადგინა, უკან გაიწვია.
ამასთან, განცხადებაში დადასტურებულია ისიც, რომ საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
“გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა, მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლილიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.
აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს”, – ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს – შეიხა ალ ნოვაისს.
ამას The Diplomat “შოკისმომგვრელი პოლიტიკური მანევრი” უწოდა და საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო ფარულ შეთანხმებაზე დაწერა.
The Diplomat აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგან, აღქმული იქნა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული შეთანხმების ნიშანი.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას მაშინაც იკავებდა, როდესაც ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 2022 წელს, მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
The Diplomat წერს, რომ ეს იყო გაბედული პოზიცია, რომელმაც გაეროს სისტემაში პრეცედენტი შექმნა. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისი ქმედება განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი მორალური პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც რუსეთი არ დათანხმდა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას.
