ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება – ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული სპეციალური განცხადების პროექტი განიხილეს.
მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ექნება სავაჭრო, ეკონომიური და ჰუმანიტარული ურთიერთობები, რადგან „ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან“.
„მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, არ აქვს მნიშვნელობა უცხოელი აქტორი იქნება თუ ჩვენი მოქალაქე, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, გაცხადებული პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ადრეც გვქონდა, დღესაც გვაქვს და სანამ ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში, ეს პოზიცია გვექნება. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები ჩვენ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნებს – ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს დაპირისპირებაში არის რუსეთთან, სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ და დიპლომატიური ურთიერთობებიც არავის არ შეუწყვეტია რუსეთთან, ამიტომ ჩვენი დადანაშაულება ამაში უბრალო ფარისევლობაა და მეტი არაფერი,“ – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ სპეციალურ განცხადებას მხარი დაუჭირა. განცხადების შინაარსი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
