საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.
„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს: გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას. გთხოვთ, დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებები მთლიანად იგნორირებულია“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი ღიაა ახალი წევრების პირებისთვის, თუმცა ეს ნებაყოფლობითი პროცესია.
„საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით. ეს იგივე მთავრობამ გააკეთა. მე აქ გამომგზავნეს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა დავეხმარო ამ პროცესს და დავრწმუნდე, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში. მაგრამ განაცხადის გაკეთებით, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ გარდაქმნას საქართველო, რათა გახდეს ჩვენი ნაწილი. მათ აიღეს ვალდებულება, რომ დაემორჩილონ და პატივი სცენ ევროკავშირის პრინციპებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. და რაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ, მოქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში იქნა შემოღებული, ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, დემოკრატიული რეფორმების ნაცვლად, საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ დაშინებას, ძალადობას, სისასტიკეს და სრული დაუსჯელობას იმ პირების მიმართ, ვინც ხალხს ქუჩებში სცემდა.
„ამიტომ, როგორც ევროკავშირი, ვცდილობთ, რომ შემოვიღოთ სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ“, — თქვა ჰერჩინსკიმ, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ერთსულოვნება არ არის. ამიტომ, რიგმა წევრი სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, შემოიღონ ორმხრივი სანქციები.
„სულ უფრო მეტი ქვეყანა მიზანში იღებს იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავე დროს, ევროკავშირის დონეზე, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ შემოვიღოთ სანქციები და ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება“, — დასძინა ელჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, რამეთუ დემოკრატია მრავალპარტიულ სისტემას ნიშნავს.
„ვწუხვარ, მაგრამ ყველა უარყოფით განვითარებას, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდება საქართველოში, აქვს და ექნება შედეგები. საქართველო ჩვენი ნაწილია, მაგრამ საჭიროა, სერიოზული რეფორმები. სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც ხდება. ჩვენ შევქმენით პრივილეგირებული ურთიერთობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების, უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და კანდიდატის სტატუსის საფუძველზე. მაგრამ ეს ყველაფერი განვითარდა იმ გაგებით, რომ საქართველო, პირველ რიგში, დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, სურს გაწევრიანდეს ევროკავშირში. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სერიოზულ კითხვებს აჩენს, არის თუ არა საქართველო კვლავ დემოკრატიული ქვეყანა და ნამდვილად სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ, საჭიროა გადავხედოთ, კვლავ იმსახურებს თუ არა ის პრივილეგირებულ ურთიერთობებს და ეს განხილვა მიმდინარეობს ბრიუსელში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველომ 2023 წლის ბოლოს მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა დემოკრატიული უკუსვლის გამო, ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
