ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, რეაბილიტაცია შეეხება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
„პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკამდე უკვე განვახორციელეთ და დარჩენილი მონაკვეთი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს