ოცნების პარლამენტი კულტურის კომიტეტში თეატრისა და კინოს, ასევე მწერლობის საკონსულტაციო საბჭოების შექმნას გეგმავს. საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციად კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაა. გადაწყვეტილება კულტურის კომიტეტმა მიიღო და განსახილველად ბიუროს წარუდგინა. სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება მოხდა ესწრებოდნენ, თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და წევრები: ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი და გრიგოლ აბესაძე.
მწერლობის საკონსულტაციო საბჭოში შევლენ
- გურამ ოდიშარია – პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე;
- ქეთევან დუმბაძე – სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი;
- მაყვალა გონაშვილი – მწერალთა კავშირის თავმჯდომარე;
- ქეთევან ტომარაძე – მწერალი, რედაქტორი.
თეატრისა და კინოს საკონსულტაციო საბჭო კი შემდეგი შემადგენლობით იქნება:
- გიორგი სიხარულიძე – სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი;
- ნიკოლოზ შველიძე – სსიპ ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი;
- ლევან კოღუაშვილი – რეჟისორი;
- დიმიტრი ღვთისიაშვილი – სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი.
“ეს იქნება საბჭოები, რომლებსაც მე პირადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმისთვის, რათა წარმატებით გადაიჭრას ჩვენს დარგებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ადამიანები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც ცალკე, ასევე საპარლამენტო ფორმატშიც. ისინი შეიკრიბებიან ჩვენთან ერთად და იმსჯელებენ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.