„ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაზრდა სწორი ნაბიჯია. თავად პურის მწარმოებელი ვარ, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება პურის ფასზე აისახა, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იყო“, -ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და შპს „ემსიბი ჯორჯიას“ დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
შეგახსენებთ, მარტიდან იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაძვირდა და ტონაზე 300 ლარს მიაღწია. ტარიფების ზრდას არ ეთანხმება პურის მწარმოებელთა ასოციაცია და გაუქმებას მოითხოვს, რასაც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები არ ეთანხმებიან.
ამასთანავე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალექსანდრე რატიშვილი, რომელიც თავად პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელია, მიიჩნევს, რომ ტარიფების გაუქმება სწორი ნაბიჯი არ იქნება. მისი თქმით, საიმპორტო გადასახადი ხორბლის მწარმოებლებისა და წისქვილკომბინატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი გაუქმება კი გამოიწვევს, რუსულ ფქვილზე დამოკიდებულებას.
„ფქვილის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში შემოდის რუსეთიდან, ფასზე გავლენას ახდენს რუსეთში რუბლისა და დოლარის თანაფარდობა. შექმნილი ვითარების ფონზე, სრულებით სერიოზული არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ ტარიფები 300-ლარამდე გაზრდილიყო. გარდა რუსეთის ფაქტორისა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ადგილობრივ მეხორბლეებს. გახსოვთ, რა დღეში იყვნენ ჩვენი მეხორბლეები, მოსავალი ვერსად მიჰქონდათ. მოთხოვნის საფუძველზე დაწესდა თავდაპირველად 200-ლარიანი ტარიფები. ეს იყო მეხორბლეების დამცავი ღონისძიება, ამ ტარიფებმა გადაარჩინა ქართული ხორბალი და წისქვილკომბინატები, რომლებიც გაჩერებული იყო. შედეგად, დაიწყო ქართული ხორბლის შეძენა და პროცესი ახლა ნორმალურად მიმდინარეობს“, – აღნიშნავს რატიშვილი.
მანვე დასძინა, რომ წელს ქართველი მეხორბლეები დაახლოებით 200 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან. მისი თქმით, ტარიფების გაუქმების შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დაიწყებენ რუსული ფქვილის მასობრივ შეძენას, შედეგად, ადგილობრივი მწარმოებლები გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.
„არანაირად არ მიმაჩნია სწორად ტარიფების მოხსნა, მე თავად პურის მწარმოებელი ვარ, მაგრამ არ ვეთანხმები ამ მოთხოვნას. გაუქმების შემთხვევაში პურის მწარმოებლებმა უნდა მისცენ გარანტია ქვეყანას, რომ ადგილობრივ ხორბალს იმ ფასად ჩაიბარებენ, რა ფასადაც მიაწვდიან. გსმენიათ ამ გარანტიაზე მათგან რამე? ვერც გაიგებთ. 200 ათასი ტონა ქართული ხორბალი გზაშია, მოვა ივლისი და ავიღებ ამ მოსავალს – სად წავიღოთ, გადავყაროთ? იყიდიან მეპურეები ხორბალს ადგილობრივებისგან? – არა! ერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი იმაში, რომ როგორც კი ტარიფი მოიხსნება, პურის მწარმოებლები დასხდებიან რუსულ ფქვილზე. ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლები და ფერმერები განადგურდებიან, რაც გავიარეთ წინა წლებში უკვე. ამის გარდა, სტრატეგიული პრობლემა იქმნება, რომელზეც არავინ ფიქრობს – რუსეთის, სრულიად გაუგებარ სახელმწიფოს ფქვილზე ჩამოკიდება სწორია? თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ვინმე პატრიოტული მოტივებით წავა და იტყვის, მეტს გადავიხდი ქართულ ხორბალშიო“, – ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის გარეშე სახელმწიფო არ იქნება დაზღვეული რუსეთის მხრიდან ბაზრის უცაბედი ჩაკეტვით. ის მიმართავს მეპურეებს კითხვით, ასეთ შემთხვევაში გააჩნიათ თუ არა ფქვილის სტრატეგიული მარაგები.
„თუ არ გვინდა ადგილობრივი ხორბალი, მაშინ მთავრობამ უნდა განსაზღვროს სტრატეგია, ამა თუ იმ რეგიონში რომელი კულტურების განვითარებაზეა ორიენტირებული. ვთქვათ არ გვინდა ადგილობრივი ხორბალი, რას ვაკეთებთ, უნდა ჩამოვეკიდოთ ერთ ქვეყანას ფქვილით? მეპურეებს მინდა ვკითხო, რომ გადაგვიკეტოს უცებ ბაზარი რუსეთმა, აქვთ სტრატეგიული მარაგები? არ გაუკეთებია ეს რუსეთს აქამდე თუ რა? თუ ჩვენი ხორბალი გვინდა, მაშინ სექტორს მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალექსანდრე რატიშვილმა.
2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემები აჩვენებს, წლიურად ფქვილის იმპორტი განახევრებულია. შარშან ამ პერიოდში თუ ქვეყანამ იყიდა 18 478 ტონა ფქვილი (4.67 მლნ დოლარის), წელს იმპორტის მოცულობა 9 247 ტონამდე (2.83 მლნ დოლარის) შემცირდა. წელსაც ფქვილის იმპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა, უფრო კონკრეტულად იმპორტში მისი წილი 92%-ს აჭარბებდა.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის საიმპორტო გადასახადი საქართველოში 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, ამ დრომდე ტონაზე 250 ლარი იყო. მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
