„ოცნების“ პარლამენტი „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ განცხადებას მიიღებს

ხვალ, 14 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტი „მეგობარი აქტზე“ საპასუხოდ განცხადებას მიიღებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხზე მომხსენებელი თავად იქნება.
„დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი -ს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს პარლამენტში ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ამ ე.წ. მეგობარ აქტს ეხება, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.
ინიციატორები გახლავართ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ პარლამენტის სახელით არის ინიციირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები ხვალ შედგება პარლამენტში, როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.
ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო ეს, გარდა მეგობრობისა. ის დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის რეალობის ამოყირავება, რაც სინამდვილეში საქართველოში არის.
ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ ყველას ვაჩვენოთ რეალობა არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით და გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. აქტის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.
13 მაისს გავრცელებულ წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
ამასთან, კობახიძე ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის სანქციები ძალაში რჩება.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ ტრამპის განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.
კობახიძის ღია წერილს წინ უძღოდა 5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის.
მანამდე, 27 მარტს, „მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა. თუმცა კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის სჭირდება როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა. კანონპროექტმა კონგრესის ორივე პალატაში ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, სანამ ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.