ევროკავშირში დაჩქარებული მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გაერთიანებამ შეძლოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება მაშინაც კი, თუ უნგრეთი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს მათ დაბლოკვაა. ბრიუსელი ამზადებს სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც სანქციების ერთსულოვნების პრინციპის გვერდის ავლით იმოქმედებს და მოსკოვზე ზეწოლას შეინარჩუნებს.
როგორც Financial Times წერს, ევროკომისია განიხილავს ალტერნატიულ გზებს, როგორ შეიძლება სანქციების ნაწილი — მათ შორის 200 მილიარდი ევროს გაყინული რუსული აქტივები — გადაიყვანონ ისეთ სამართლებრივ ფორმატში, რომელიც ბუდაპეშტის ვეტოს დაძლევის საშუალებას მისცემს.
საუბარია არა მხოლოდ იურიდიულ გზებზე, არამედ პირდაპირ ეკონომიკურ ზომებზე — კაპიტალის კონტროლსა და ტარიფებზე, რომლებიც რუსეთისთვის ფინანსურ ნაკადებს შეამცირებს. ევროკავშირი მსგავსი მიდგომით, როგორც ჩანს, მზადაა იმოქმედოს უმრავლესობით, ვეტოს გარეშე, რაც უკვე სახიფათო პრეცედენტად აღიქმება უნგრეთისთვის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის შიგნით რუსეთის ყველაზე აშკარა მოკავშირედ რჩება. ორბანი რეგულარულად აყოვნებს ან უშლის ხელს სანქციების ახალ პაკეტებს, ხოლო ივლისის ბოლოს მოქმედი ეკონომიკური შეზღუდვების ვადა იწურება. წესით, მათი გახანგრძლივება მხოლოდ 27 წევრი ქვეყნის თანხმობით უნდა მოხდეს.
ბრიუსელში კი ალტერნატიული “გეგმა ბ”-ს მომზადება უკვე დაწყებულია. კომისია ამტკიცებს, რომ შესაძლებელია სანქციების ნაწილი გარდაიქმნას ისეთი ფორმის ეკონომიკურ შეზღუდვად, რომელიც ერთსულოვან გადაწყვეტილებას აღარ საჭიროებს.
ევროკავშირის მიზანია სანქციების შემსუბუქების გარეშე შეინარჩუნოს ზეწოლა კრემლზე — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთი ცდილობს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე და მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს.
ევროკომისია ირწმუნება, რომ მუშაობს ყველაზე კომპეტენტური იურისტების დახმარებით და მოამზადებს ისეთ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ სასამართლო დავას.
