„ჭარბვალიანობის პრობლემა გამწვავდა“ – 10 წელიწადში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 269%-ით გაიზარდა და ₾31 მილიარდს გადააჭარბა

„საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემა 2015-2024 წლებში მკვეთრად გამწვავდა“, – ამის შესახებ „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით,, 2015-დან 2024 წლამდე შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 269 %-ით გაიზარდა და 31 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
გარდა ამისა, თანდათანობით იზრდება ოჯახების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და მევახშეებისგან აღებული სესხების მოცულობაც.
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (2015-2024 წლებში) სხვადასხვა ფორმისა და ვადიანობის ვალი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის 82.9%-ს, ხოლო, 2024 წლის მდგომარეობით, აქტიური ვალი უფიქსირდებოდა შინამეურნეობების 62.1%-ს.
2015-2024 წლებში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 18.1% შეადგინა, რის შედეგადაც, შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მთლიანი სიდიდე 2015-დან 2024 წლამდე 269%-ით, 7.7 მილიარდი ლარიდან 31.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის შემოსავალი იმაზე ნაკლები სისწრაფით იზრდება, ვიდრე სესხები, შესაბამისად, ოჯახებისათვის სესხის ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება.
კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული სესხის საშუალო ოდენობა 4-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს 95 643 ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2015 წლის მდგომარეობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული საშუალო სესხის მოცულობა 23 966 ლარს შეადგენდა.მონაცემებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი სესხის მოცულობა 2015 წელთან შედარებით 299%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2015 წელს არსებულმა საშუალო წლიურმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე 15 655 ლარი შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი შემოსავალი 2015-2023 წლებში საშუალოდ წლიურად 12%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2023 წლის მდგომარეობით, მისმა სიდიდემ 37 598 ლარი შეადგინა.
2015-2023 წლების ინტერვალში ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი სესხის მთლიანი მოცულობის ნაზრდი (240%) არსებითად აღემატება ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მთლიანი შემოსავლის ნაზრდს (140%).
შედეგად, შესაძლებელია, გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: 2015-2023 წლების ინტერვალში საქართველოს მოსახლეობისთვის სესხის ტვირთი გაზრდილია. სესხის გაზრდილი ტვირთი აღნიშნავს შემოსავალთან შედარებით სესხების მოცულობის მეტად ზრდას,“ – ნათქვამია კვლევაში.