ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე სალომე ლაშხი ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმრები არიან:
“ლუკა არის ძალიან მზრუნველი, თბილი, ყურადღებიანი და მიზანდასახული. საქმე, რაც ძალიან უყვარს, ძალიან კარგად გამოსდის და ამით იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. ხშირად უწევს დღეში ორჯერ ვარჯიში, მოვახერხე ამასთანაც შეგუება, მარტო ყოფნაც მიყვარს და მარტო სეირნობაც” – ამბობს ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე.
ლუკა ლოჩოშვილი იტალიური „კრემონეზეს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველია. თამაშობდა თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4–0) შედგა. ჯამში 2016 წლის სეზონში ჩაატარა 5 მატჩი, შეუცვლელად. 2017 წლის შეკრება ძირითად გუნდთან ერთად გაიარა.
ლუკა 25 წლისაა, დაიბადა 1999 წლის 29 მაისს. გამორჩეულია ფიზიკური მონაცემებით – მისი სიმაღლე 191 სანტიმეტრია. ქართველოს ნაკრების მცველი 2022 წლის ზაფხულიდან იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზე“ შეუერთდა. ლუკას ტრანსფერი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ მოხდა. მაშინ გუნდის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა აღნიშნა, რომ ლუკათი „ვერონაც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელმა არჩევანი კრემონელებზე შეაჩერა.
2022 წელს ლუკა ლოჩოშვილი Lotteries Sporthilfe Gala-ს ფარგლებში წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს. ავსტრიაში ეს ყველაზე მასშტაბური სპორტული დაჯილდოებაა, რომლის ფარგლებშიც ჯილდო 12 კატეგორიაში გაიცემა.
როდესაც ლუკა “ვოლფსბერგის“ რიგებში თამაშობდა, მან “აუსტრიას” ფეხბურთელი ჯორჯ ტაიგლი გადაარჩინა. შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა ნახევარმცველი ტაიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელთან სწრაფად გაჩნდა ლოჩოშვილი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია კოლეგას და მისი სიცოცხლე იხსნა.
როგორც ცნობილია, ლოჩოშვილს ამავე ინციდენტის შემდეგ კარინტიას მხარის გუბერნატორმა პიტერ კაიზერმა, სპორტულმა დირექტორმა არნო არტოფერმა და საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შუშნიგმაც გადასცეს საპატიო ჯილდო.
ლუკამ მიიღო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრიზიც “სამართლიანი თამაშისთვის“. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა. ფეხბურთელი დაჯილდოების ცერემონიას საშინაო მატჩის გამო არ დასწრებია, თუმცა კომენტარი მაინც გააკეთა:
“ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა ამ პატივისცემისთვის. მიხარია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ ჯორჯის სიცოცხლე გადავარჩინე და ის ახლა თავს კარგად გრძნობს”, – თქვა მან.
ლუკა ლოჩოშვილმა თავი პორტუგალიასთან მატჩით ნამდვილად დაგვამახსოვრა. ფეხბურთის ვარსკვლავი ლოჩოშვილის ფიზიკურ კონტაქტს აპროტესტებდა და მსაჯს რეაგირებისკენ მოუწოდებდა, თუმცა კრიშტიანოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ლუკამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კადრი მართლაც დასამახსოვრებელია.
