ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების ფონზე, დარგის ექსპერტები OPEC+-ის დაშლას პროგნოზირებენ, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილიწერს.
როგორც ის აღნიშნავს, OPEC+-ის რვა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, გადაწყვიტეს ნავთობის წარმოების სამჯერ მეტად გაზრდა.
„საუდის არაბეთი და ნავთობის მწარმოებელი სხვა ქვეყნები, პირდაპირ აცხადებენ, რომ ნავთობზე ფასების შესანარჩუნებლად, მათ მიერ წარმოების შემცირება აღარ მოხდება. შესაბამისად OPEC+-ის არსებობაც აზრს კარგავს.
ზოგი ექსპერტი, OPEC+-ის უკვე მოკლე დროში დაშლას ვარაუდობს. მაგალითად, ცნობილი რუსი ეკონომისტი, ნავთობისა და გაზის ექსპერტი და აღმოსავლეთ მცოდნე მიხაილ კრუტიხინი, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს და საქმიანობს, OPEC+-ის 2025 წლის ბოლომდე დაშლას პროგნოზირებს.
საუდელები ფრთხილად მოქმედებენ. მათ ესმით, რომ აღარ იქნება წარმოების შემცირება და თითოეული ქვეყანა იმდენს მოიპოვებს, რამდენსაც შეძლებს. ახლა მათი სტრატეგია კარტელის ნაწილ-ნაწილ დაშლაა, სიტუაციის არევის გარეშე – განმარტავს კრუტიხინი.
აზიის ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდის მიზნით, ისინი თანდათანობით რუსეთს გააძევებენ ამ ბაზრიდან.
OPEC+-ის დაშლა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ქვეყანა, რომელიც მის შემადგენლობაში შედიოდა, მსოფლიო ბაზარს იმდენ ნავთობს მიაწვდის, რამდენსაც შეძლებს.
რადგან ბევრ ქვეყანას, რუსეთთან შედარებით, წარმოების მოპოვების უფრო დაბალი თვითღირებულება აქვთ, რუსულ ნავთობს კონკურენცია გაუჭირდება.
ბაზარზე ბევრი იაფი ნავთობი გამოჩნდება – ერაყიდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბრაზილიიდან და სხვა. ამრიგად, რუსული ნავთობის მოგებით გაყიდვა უკიდურესად რთული გახდება – ასკვნის ექსპერტი“, – წერს სურამელაშვილი.
