ახლა თავდასხმების დრო არაა და განსაკუთრებით, არ არის დრო ერთმანეთის ბანერების ხევის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს, 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე, სხვა მომიტინგეებმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერის გაშლის საშუალება არ მისცეს.
მისივე თქმით, არავინ უნდა გადაწყვიტოს, რომ საკუთარი თავისუფლების მოპოვება შეუძლია სხვისი თავისუფლების შეზღუდვით.
„ძალადობა არის მიუღებელი ხელისუფლების მხრიდან და ძალადობა, განსხვავებული აზრის ვერ მიღება ოპოზიციაში იქნებოდა ნამდვილად კატასტროფა იმ მოძრაობისთვის, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში არის.
კარგად მესმის, როცა ასეთი მნიშვნელობის პოლიტიკურ ფიგურებზეა საუბარი, აქ აზრთა სხვადასხვაობას ვერ გავექცევით, თუმცა ვინმესთვის აკრძალვა თავისი აზრის გამოხატვის და მით უმეტეს, ძალადობით ბანერების დახევა, ნამდვილად არ არის ის გზა, რომლის ერთგულიც მე გახლავართ.
რაც შეეხება პრეტენზიებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არსებობდა პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა და სწორედ ამიტომ მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი ადამიანის წამოსვლა. ეს შეეხებოდა იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა. როცა დადგება ამის დრო, როცა არ იქნება რუსულ და ივანიშვილის ტყვეობაში მიხეილ სააკაშვილი, ბევრ რამეზე შეიძლება დისკუსიის გაგრძელება. ბევრი პრეტენზია, ცხადია, გამოითქმება, მაგრამ ახლა, როცა ვიბრძვით წართმეული არჩევნების დასაბრუნებლად, მთავარი კონსტიტუციური უფლების აღსადგენად, გადიოდე იქ და სხვის ბანერებს ებრძოდე, მიმაჩნია, რომ ეს ყოვლადმიუღებელია.
ახლა თავდასხმების დრო არაა და განსაკუთრებით, არ არის დრო ერთმანეთის ბანერების ხევის, ადამიანებზე ფიზიკური ზემოქმედების. ვიცით, რომ 9-წლიან პერიოდში, იმ უდიდეს მიღწევებთან ერთად, რაც ევროპისკენ მიმავალ გზაზე გვქონდა, ეკონომიკის წინსვლასთან ერთად, იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც პრობლემურია დღემდე ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ძალიან ლეგიტიმური პოლიტიკური დისკუსია. ვერავის დაუშლი, რომ ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ ახლა პედალირება ამ საკითხებზე არ არის ჩვენს საერთო წისქვილზე წყლის დასხმა და პირიქით, აძლიერებს ივანიშვილს.
არსებობს ანტიგმირი ამ ქვეყანაში და ეს არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ ჩვენს მოძრაობას უნდა ჰყავდეს მორალური გმირები, უნდა ჰქონდეს მორალური საყრდენები და ეს მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ. ამ მორალურ საყრდენებში ერთ-ერთ მნიშვნელოვნად მივიჩნევი მას, რომ სხვისი აზრისადმი გვქონდეს პატივისცემა და განსაკუთრებით ფიზიკური ძალადობით არ უნდა ვცდილობდეთ სხვისი მოსაზრებები გავანეიტრალოთ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება იმას, ხომ არ მიეჩვია „ქართული ოცნება“ შიდა და გარე წინააღმდეგობას და ხომ არ ადაპტირდა პროტესტთან, წიკლაურის თქმით, „როცა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა პოლიტიკური პრობლემები, ის ამარტივებდა სხვადასხვა კანონს, ახლა კი ვხედავთ დრაკონული კანონების მთელ წყებას“.
„რისთვისაა ეს? – ზუსტად იმისთვის, რომ მათ აღარ აქვთ უნარი ჰქონდეთ პოლიტიკური დიალოგი საკუთარ ხალხთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან, ჟურნალისტებთან და ახლა უნდათ, რომ ამ კანონების გამკაცრებით, სისასტიკით, შეზღუდვით, დახვედრით, „სპრეის“ შესხმით გატეხონ წინააღმდეგობა. ეს არის პირიქით, უძლურების გამოხატულება და არ მგონია, რომ ისინი შეეგუვნენ და კარგად გრძნობენ ამ ვითარებაში თავს. მეორე მხარეა საერთაშორისო ზეწოლა და აქაც, ვხედავთ, რამდენად პრინციპულია დასავლური საზოგადოება ხელისუფლების ანტიევროპული კურსის გამო. არ მგონია, რომ ისინი ამ ვითარებაში თავს კომფორტულად გრძნობდნენ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად ემუქრება ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობას საფრთხე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის განცხადებით, როგორც ნებისმიერი ავტოკრატიის დროს, აქაც სიტუაცია რაღაც დროს გახდება უმართავი.
„ქვეყანაში არის კრიზისი. როდესაც კრიზისის გადაწყვეტა არ ხდება, მაშინ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ახლა ამას დაემატება ეკონომიკური პრობლემები და ვხედავთ, რომ პოლიტიკურ კეთროვნებად გადაიქცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ქვეყნები უზღუდავენ დიპლომატიური პასპორტების გამოყენებას და უახლოეს დღეებში გერმანია იქნება ის ქვეყანა, რომელიც ასეთ შეზღუდვას განახორციელებს. ამ პირობებში, თუ საღი აზრი ვინმეს დარჩა ხელისუფლებაში, ეს ნაბიჯები უნდა გადადგას. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი ავტოკრატიის დროს, აქაც სიტუაცია რაღაც დროს გახდება უმართავი, ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს მათ პოლიტიკურ ინტერესებს, არ შეუძლია მართოს და უზრუნველყოს ამ ხალხის მომავალი. როცა ასეთი რამ მოხდება, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქტუალიზება მოხდება ახალი საპარლამენტო არჩევნების“, – განაცხადა წიკლაურმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა „MEGOBARI აქტია“. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შიში და ფობია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მითური ძალები, იგივე „დიფ სთეითი“ უპირისპირდება.
„ვფიქრობ, „MEGOBARI აქტი“ ეხმაურება ორ მთავარ მიმართულებას, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში არსებობს. ერთი დაიწყო არჩევნების დღეს, როცა გაყალბდა არჩევნები, ხოლო მეორე 28 ნოემბერს, როცა ითქვა, რომ აღარ გვინდა ევროპა და არსებობენ თურმე სხვა ქვეყნები და ვინც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, ყველა არის მითიური „დიფ სთეითი“. რა თქმა უნდა, არანაირი „დიფ სთეითი“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „ქართული ოცნების“ შიში და ფობიების დანერგვა, თითქოსდა მითიური ძალები უპირისპირდებიან საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციის გეგმებს, პოლიტიკოსის თქმით, რუსთაველის გამზირი 26 მაისს ქართველი ხალხის იქნება.
„ქართული ოცნება“ რუსთაველის გამზირზე ვეღარ გამოდის. ის გაერიდა რუსთაველის გამზირს, საქართველოს მთავარ პროექტს, იმ ადგილს, სადაც ყველაზე დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა და რუსთაველის გამზირი იქნება ქართველი ხალხის 26 მაისს“, – აღნიშნა წიკლაურმა.
მან თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.
„2020 წელს პოლიტიკური პარტიები ჯერ ეუბნებოდნენ ხალხს, არ ვაღიარებთ არჩევნებსო, გამოდით გააპროტესტეთო. ხალხი გამოდიოდა, შეეგება დარბევებს და მიიღო მძიმე ხვედრი, შემდეგ იმავე პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ უნდა შევიდეთ პარლამენტში. შეუძლებელია, ჩვენს მოძრობას ჰქონდეს წარმატება, თუკი პოლიტიკოსები არ გამოავლენენ ამ პოლიტიკურ მორალს, პოლიტიკურ სიმტკიცეს. ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლების ლეგიტიმაციისკენ იქნება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ღალატი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება არის ლეგიტიმური, მისი დანიშნული არჩევნები არის ლეგიტიმური და ვიღებთ მასში მონაწილეობას, მაშინ ვფიქრობ, რომ წყალში ვყრით 6 -თვიან ბრძოლას, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიარა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა გამოიარეს. წყალში ვყრით იმას, რასაც ვხედავდით, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ამ ადამიანების ინტერესების ღალატს არ ვაპირებ! ჩვენც გვაქვს შეხვედრები, მაგრამ ამ შეხვედრებზე ვეუბნებით ადამიანებს, რომ რაც არ უნდა გვიჭირდეს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, ღალატი ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების არის შეუძლებელი. არის ასეთი გამოთქმა: „ბრიყვს როცა მიუთითებ მთვარისკენ, ის უყურებს თითს“. ჩვენი ხელისუფლება ახლა არის ამ დღეში, მას მიუთითებენ იმისკენ, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში დასაბრუნებელი და მას კი უნდა დაინახოს „დიფ სთეითის“ თითი. ეს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველია არაა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
