აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა მე-40 დღეს შიმშილობა შეწყვიტა

აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ტოფიგ იაგუბლუმ, რომელიც დაკავების და თაღლითობის ბრალდებით მიღებული 9-წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, მე-40 დღეს შიმშილობა ოჯახის თხოვნით შეწყვიტა.
ნიგიარ ხაზიმ Facebook-ზე დაწერა, რომ როდესაც პატიმრობაში მყოფ მამას ესტუმრა, ის თითქმის უგონო მდგომარეობაში ნახა:
„ასეთ მდგომარეობაში რომ ვნახე, სისხლი გამეყინა. ვეხვეწებოდი, შეეწყვიტა შიმშილობა. უბრალოდ ვთხოვე, ეს ჩემთვის, ჩემი დედისთვის, ძმისთვის და ჩვენი ნათესავებისთვის გაეკეთებინა“.
მისი თქმით, ტოფიგ იაგუბლუ დათანხმდა საკვების მიღების განახლებას. მასთან ამჟამად იმყოფება ექიმი ადილ გეიბულა.
თოფიგ იაგუბლუ 2023 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. მას წაყენებული აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 178.3.2 — თაღლითობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით და 320 (და 320.1-320.2) — ოფიციალური დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების და სიგელების გაყალბება ან მათი გამოყენება.
ბრალდების მიხედვით, იაგუბლუმ გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ელშენ ჰუსეინოვისგან 25,000 ევრო და 10,000 მანათი აიღო. თავად იაგუბლუ ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი თანხა არ მიუღია არცერთი პირისგან. პოლიტიკოსის თქმით, არც ელშენ ჰუსეინოვთან და არც ელნურ მამედოვთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია და აღნიშნულ საქმეში მათი ჩართვა მიზანმიმართული პროვოკაციაა.
აზერბაიჯანში იაგუბლუ არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ და ხანგრძლივ პატიმრობაში თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო.
2013 წელს დააპატიმრეს ისმაილლის პროტესტების ორგანიზების ბრალდებით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. მ2020 წელს “ხულიგნობის” ბრალდებით დააკავეს და მიუსაჯეს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა. ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 17 დღე გაგრძელდა.
2021 წელს სასამართლომ შიმშილობისა და ზეწოლის ფონზე პატიმრობა პირობითით ჩაანაცვლა.
2025 წლის 10 მარტს კი ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 9 წლით პატიმრობაში დატოვა.
სწორედ ამ უკანასკნელ განაჩენზე პროტესტის ნიშნად თოფიგ იაგუბლუმ შიმშილობა 2025 წლის 1 აპრილს დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლება კი კვლავ უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და აცხადებს, რომ ყველა პატიმარი მათი მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის იდევნება და არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

ასევე დაგაინტერესებთ