როგორც რუსული მედია წერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის მეთაურის, ბადრა გუნბას, მიწვევით სიხარულით ეწვევა აფხაზეთს”.
შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.
„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ — უპასუხა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინმა შეხვედრისას თქვა, რომ მზად არის აფხაზეთთან ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
პუტინის თქმით, რუსეთი ელოდება, რომ წელს აფხაზეთთან ტურისტული ნაკადი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება.
„გასულ წელს [რუსეთსა და აფხაზეთს შორის] ტურისტული ნაკადების ზრდა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს აღწევდა. ველოდებით, რომ წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება, შესაძლოა მეტიც. ვიცი, რომ ლოგისტიკა და განსაკუთრებით აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია”.
